შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირს აქვს შენარჩუნებული ვაჭრობის გარკვეული დონე რუსეთთან და სანქციების მიღების დროსაც ხდება ამის გათვალისწინება, საქართველოს უყენებენ სხვა სტანდარტს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირს აქვს შენარჩუნებული ვაჭრობის გარკვეული დონე რუსეთთან და სანქციების მიღების დროსაც ხდება ამის გათვალისწინება, საქართველოს უყენებენ სხვა სტანდარტს

დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ცნობილია არათუ ის, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული დონე ვაჭრობის შენარჩუნებული რუსეთთან, სანქციების მიღების დროსაც კი ხდება ამის გათვალისწინება, ამაში გასაკვირიც არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ვიზუალ კეპიტალსის“ მიერ გამოქვეყნებულ რუსული საწვავის ექსპორტის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უყენებენ სხვა სტანდარტს.

„საქმე იმაშია, რომ საქართველოს უყენებენ ხოლმე სხვა სტანდარტს. სანქციების შემოღების დროს ყველა უყურებს, რომ, ერთი მხრივ, დააზიანოს რუსეთი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შემოიღოს ისეთი სანქცია, რომელიც მას თავად უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. დღემდე, მაგალითად, ვერ შემოაქვთ ეფექტიანი სანქციები სასუქებზე, რომლითაც მარაგდება ევროპული ქვეყნები და აშშ, ვინაიდან დაზარალდებიან თვითონ და არ აწყობთ, რომ რუსეთის დაზარალების ფონზე თვითონ დაზარალდნენ. ზუსტად ეს დამოკიდებულება აქვთ, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მიმართ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ, ზოგადად, რთულია, მოიფიქრო რაიმე ისეთი ღონისძიება, რომელსაც ჩვენ შემოვიღებდით რუსეთის წინააღმდეგ და დააზიანებდა რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ, ჩვენს ხალხს. დათვლილია კიდევაც, სანქციებს რომ მივერთებოდით, იქნებოდა 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა საქართველოში. რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისთვის, რას ნიშნავს ეს პურის თუ პროდუქტების ფასისთვის და სხვა ხარჯებისთვის, მოქალაქეთა გაღარიბების მხრივ, ყველა ვხვდებით. არათუ ევროპა, იმ მილსადენით, რომელიც მხოლოდ უკრაინაზე გადის, ევროპა დღემდე იღებს 20 მილიონი ევროს გაზს ყოველდღე. ლატვიამ შარშან სამ  თვეში იმდენი ღვინო შეიტანა, რაც საქართველომ მთელი წლის განმავლობაში.

სრულად გვესმის, რომ ყველა სანქციას აქვს თავისი ეტაპები და განსჯა, სხვათა შორის, ამ მხრივ არც ევროპელებს და არც ამერიკელებს არასდროს პრეტენზია საქართველოს მიმართ არ გამოუთქვამთ, რომ ჩვენ ვუყურებთ, რაღაც ნაბიჯებით ჩვენი თავი უფრო მეტად არ დავაზიანოთ, ვიდრე რუსეთს დავაზიანებთ. ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, არის ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც დღე და ღამე ითხოვს, რომ სხვადასხვა სახის სანქციები დავაწესოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა დაგვიჯდება ჩვენ.  ეს, საბოლოო ჯამში, აჩვენებს, რომ არც ეს ოპოზიცია და არც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამას ითხოვენ, საკუთარ თავს არ აღიქვამენ ქართველ პოლიტიკოსებად თუ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ვიზუალ კეპიტალსის“ მონაცემებით, რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტით პირველ სამეულში ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ინდოეთი არიან. 2023 წლის 16 მარტის მონაცემებით, სიაში პირველ ადგილზე არის ჩინეთი, რომელმაც რუსეთიდან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საწვავის იმპორტი განახორციელა. მეორე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთიდან 18,4 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს. მესამე საფეხურზეა ინდოეთი, რომელმაც ომის შემდეგ რუსეთიდან იმპორტირებული წიაღისეული საწვავის რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა.