შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა სანქციების გვერდის ავლა
საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ის ტერიტორიაა, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცების შეფასებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და ცალკეული ჯგუფების ინტერესის მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს, იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის თუნდაც ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.