შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირისგან ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა თუ გადაინაცვლებს ენჯეოსექტორში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფულის უკან დგას ინტერესი და წავა იქ, სადაც ეს ინტერესი შესრულდება
ევროკავშირისგან ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა თუ გადაინაცვლებს ენჯეოსექტორში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფულის უკან დგას ინტერესი და წავა იქ, სადაც ეს ინტერესი შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. მისივე შეფასებით, ეს არის გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილი.
„ქართულმა ჯარმა პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები იყვნენ მეოთხე თავისი შემადგენლობით აშშ-ის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ და ასრულებდნენ ურთულეს მისიებს ავღანეთში. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც ნატო-ს ჯარები გამოდიოდნენ ავღანეთიდან, საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, ჩვენი ტერიტორიით უზრუნველვყავით ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, ამაში საქართველომ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობებსაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისა და გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს. თავდაცვის ძალები ჩვენი ინტერესის სფეროა, ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც არის ჩვენთვის გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილი.
ამას გარდა, იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, მაშინ, როდესაც 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ომგამოვლილ ქვეყანას ექვსი წელი, სადღაც 2013-2014 წლამდე, ნატო-ს არცერთი ქვეყანა არ გვაძლევდა იარაღს. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა ექვსი წლის განმავლობაში, რაც სამწუხარო ფაქტი იყო იმ დროს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა და არ იცოდა ეს საზოგადოებამ, რომ, ფაქტობრივად, საქართველო, ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ეს იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც ექვსი თვის თავზე გადატვირთვა გამოცხადდა რუსეთთან, 2009 წლის მარტში. ომიდან ორი წლის თავზე, 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის ნაწილიც არის და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ასეთ მომენტებში, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ დააყენებს. ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა.
ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, მათ შორის, გუშინ იყო, თითქოს საფრანგეთი აჩერებს პირდაპირ საბიუჯეტო თანხებს. არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს, ამიტომ არ ვიცი, რაზე იყო აქ საუბარი, ცოტა გაუგებარი იყო ეს. რა თქმა უნდა, პროგრამები არსებობს. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც იგულისხმება საბიუჯეტო დახმარება. ამაზე როცაა საუბარი, არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ჯარს მოაკლდება ჯარისთვის განსაზღვრული თანხა, თუ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს ენჯეოსექტორში, ეს აჩვენებს პირდაპირ, საერთო ჯამში, რაც ხდება. სადაც ფიქრობენ, ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. ჩათვალეს, რომ, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, ფულმა გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესებს მიეცა ახლა თავისი კალაპოტი, აპირებს წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ გაყინულია 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდა. მისივე თქმით, გაერთიანების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად.