შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა და შემდგომ, მათი მიღება არის დაგეგმილი.
„შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა შემუშავებული და განხილული იქნას კანონპროექტები.
„ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება. ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ.