შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენარტს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.
მათივე ცნობით, კოენ ლენარტი მიესალმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და წარმატება უსურვა პარლამენტს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში; აგრეთვე, ქართულ მხარეს გააცნო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება.
შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ლუქსემბურგში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.