შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებას პასუხობს - რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში
საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის, ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე, მოწოდებებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.
პაპუაშვილის თქმით, მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის იმ 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა აღნიშნულ განცხადებას.
„სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება. უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ. ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა. მადლობა ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში. რაც შეეხება „ბოდვას“. ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.