შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
„„ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელობაში არიან ზუსტად ის ევროპარლამენტარები, რომლებზეც ვსაუბრობდი. მათგან ორი არის ხელმძღვანელ ორგანოში ევროპის დემოკრატიის ფონდისა. კანონი, მათ შორის, ამ ფონდის გამჭვირვალობას ეხება. რა თქმა უნდა, მათი ინტერესის წინააღმდეგ არის, რომ ამ კანონმა იმოქმედოს, ვინაიდან შემდეგ გახდება ცნობილი, რას აფინანსებს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში. პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტიც კი არის ჩადებული ამ რეზოლუციაში – ევროპარლამენტარები, რომლებიც მალავენ საქართველოში შემოსულ თანხებს, იძულებული იქნებიან, გაასაჯაროონ ეს თანხები. მაგალითად, შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „დროას“ და თურმე არსებობს ყალბი სქემა, როდესაც პარტია „დროას“აქვს შექმნილი ენჯეო „დროა“, რომელსაც, ასე ვთქვათ, არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ აქვს და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაში. შემთხვევით გავიგეთ, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების პროექტებს „სირცხვილიას“ მეშვეობით. შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ პარტიებს მთელი სქემა აქვთ აწყობილი პარტიული „ენჯეოებისა“, რომლითაც ხდება დაფინანსება.
„ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთან. მათ შორის, ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს წუხილი „ევროპის დემოკრატიის ფონდთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს. ასევე დამიდასტურა, რომ გაეცნო, რა პროექტებს აფინანსებენ და იქ ნამდვილად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, წარმოედგინათ და გაესაჯაროებინათ ეს პროექტები, სამწუხაროდ, უარი მივიღე. უპირველეს ყოვლისა, უარი მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა მარტივია, ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება. საზოგადოება ითხოვს, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ ინტერესით ვმოქმედებთ. ხედავთ, როგორია, მათ შორის, საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.