საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტისა და ეუთო-ს ინსტიტუტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას საარჩევნო ცვლილებები გააცნო და გამოთქვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ძალისხმევაზე, ყარაბაღში არსებულ ვითარებასა და პრეზიდენტ კია პაუმას გეგმებზე.
შეხვედრა ქალაქ დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა.
ქართული მხრიდან პია კაუმასთან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.