შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ამას ყველამ სცეს პატივი
ეუთო/ოდირმა როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნას ყველამ უნდა სცეს პატივი.
„ყველას მოვუწოდებ, ნუ ასცდებიან ეუთო/ოდირის დასკვნას. რაღაც სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათთვის ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა სახელმძღვანელო და ახლა, როგორც ჩანს, ზოგიერთებს რომ არ მოეწონათ ეუთო/ოდირის დასკვნა, რაღაც თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ, ხან ISFED-ის დასკვნას იშველიებენ, ხან „გამჭვირვალობის“, ხან ვის და ხან ვის. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელონ ეუთო/ოდირის ანგარიშით. ეუთო/ოდირმა კი როგორც წერილობით, ისე ზეპირად თქვა, რომ არჩევნები შედგა; თქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. ეს ითქვა და ამას ყველამ სცეს პატივი, შესაბამისად, ამ პრინციპზე დაყრდნობით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.