შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი ამ დასკვნის ერთგული იქნება
შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი ამ დასკვნის ერთგული იქნება

ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა ან მისი გვერდის ავლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

„მინდა, მოგახსენოთ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე. პირველი საკითხი: ჩვენ გვესმოდა, რომ ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეფუძნებოდა ეუთო/ოდირის დასკვვანს. სამწუხაროდ, ზოგიერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისა თუ ქვეყნისგან გვესმის, აჩენს აღქმას, ხომ არ არის სურვილი, რომ მოხდეს რევიზია ეუთო-ოდირის დასკვნისა ან მისი გვერდის ავლა და დაყრდნობა რაღაც სხვა ანგარიშებზე, რომელიც იქნებოდა, მაგალითად, ადგილობრივი „ენჯეოების“ მიერ მომზადებული, რომლებიც, ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითადაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლო მოსყიდვის არცერთი ფაქტი არ აქვთ დაფიქსირებული.

„შესაძლო მოსყიდვის თაობაზე ეუთო/ოდირს არც ერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებული. შეგახსენებთ, რომ 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდა ეუთო/ოდირს, იყვნენ ყველგან და ეს გრძელვადიანი მისია იყო, არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ წინასაარჩევნო პერიოდიც აქვთ შეფასებული. არ აქვთ დაფიქსირებული არჩევნების დღეს ან მანამდე არცერთი მოსყიდვის ფაქტი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ ბრალდებაზე, რომელსაც შემდეგ აიტაცებენ ხოლმე სხვა აქტორები გარეთ, თუ ჩავეძიებით ადგილობრივ ორგანიზაციებს, არცერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი ამ მხრივ. გუშინწინ სკანდალურად რომ გამოვიდა „ენჯეო“ ჯგუფი და ავტვირთეთ მთელი მტკიცებულებებიო, ვნახეთ და იქ არცერთი დამაჯერებელი რაიმე ფაქტი მოყვანილი ან აღწერილი არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.