შალვა პაპუაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნაში ცესკო-ს მიერ სიების დაკომპლექტება პოზიტიურადაა შეფასებული, რამდენადაც ვხვდები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რეკორდული რაოდენობის უბნები იხსნება
ეუთო/ოდირის დასკვნაში ცესკო-ს მიერ სიების დაკომპლექტება პოზიტიურადაა შეფასებული, რამდენადაც ვხვდები, ქვეყნის გარეთ რეკორდული რაოდენობის უბნები იხსნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებში უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე საქართველოში, რითაც ამომრჩევლის სსეგრეგაციას ახდენს.
„ეუთო/ოდირის დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულია თუ რა სამუშაოები აქვს ჩატარებული ცესკო-ს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა შემდგარიყო საარჩევნო სიები. სხვათა შორის, ეს წინა არჩევნებზეც იქნა აღნიშნული, რომ საქართველოში საარჩევნო სიების მხრივ არის სამაგალითო მდგომარეობა. ამ შუალედურ დასკვნაშიც ცესკო-ს მუშაობა პოზიტიურადაა შეფასებული, მათ შორის ცესკო-ს მიერ სიების დაკომპლექტება. მე რამდენადაც ვხვდები, რეკორდული რაოდენობით უბნები იხსნება ქვეყნის გარეთ და არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ხდება უბნების გახსნა და ზუსტად ამ კანონმდებლობით ხდება უბნების გახსნა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი, რად ღირს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ მას საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების იმედი არ აქვს და ფიქრობს, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეები მხარს დაუჭერენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებში უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებში. ამით ხომ ისინი ჩვეულებრივად სეგრეგაციას აკეთებენ. ორი სახის ქართველებზე საუბრობენ – ერთნი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მეორენი, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ეს არის მათი დამოკიდებულება, ყოფენ ქართულ საზოგადოებას ორ ჯგუფად. ესეც ხომ თავისთავად უკვე დამამცირებელია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.