შალვა პაპუაშვილი ეთიკის ქარტიას - გამიხარდებოდა, თუ დღევანდელი გადასახედიდან შაქარაშვილის საქმის მედიაგაშუქებას შეაფასებდით
გამიხარდებოდა, თუ დღევანდელი გადასახედიდან შაქარაშვილის საქმის მედიაგაშუქებას შეაფასებდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეთიკის ქარტიას მიმართავს.
„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება“.
ქვემოთ მოყვანილი ვიდეოფრაგმენტი, ჩემთვის, ყველაზე კარგად აჯამებს იმას, რაც ქართულმა მედიამ, გიორგი შაქარაშვილის საქმის მედიაგაშუქებისას, აკადრა საკუთარ პროფესიულ ეთიკას და ქართულ საზოგადოებას. კარგად მახსოვს ჩემი ემოცია, ამ ვიდეოს როცა ვუყურე. მაშინ არც პოლიტიკაში ვიყავი და დიდად არც ვგეგმავდი.
დეზინფორმაციის ტექნიკიდან, ალბათ, მეთოდი არ დარჩა, რომელიც მაშინ მედიამ არ გამოიყენა: ყალბი ახალი ამბავი, დისკრედიტაცია, ტყუილმართლის აღრევა, სიძულვილის შემცველი ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, რეპუტაციის შელახვა…
და ეს ყველაფერი ერთი სავარაუდო მოტივით: ახალი „გირგვლიანის საქმის“ პოვნის განუზომლად დიდი, წყურვილამდე მისული, სურვილი.
თვეების განმავლობაში, დღე არ გადიოდა, რომ მედიას, ამ საქმეზე, ახალი „სკანდალური“ ინფორმაციით საზოგადოება არ დაეზაფრა: რატომ არის კაცი ოპერატორი 112-ში, თეთრი ბოტასი, ცხვირით ამოცნობილი კაწრო, ჯართის შემგროვებლის საგამოძიებო ექსპერიმენტი, სად წავიდა მეხსიერების ბარათი, ვინ დაწვა შენობა, გვამი რომელსაც ოთხი დღე მიკროავტობუსით ატარებდნენ, რა დროში იწყება გვამური გაშეშება და როგორ წარმოიქმნება გვამური ლაქები, ცენტრი ემპათიის ემპათიური საუბარი, პირდაპირი ჩართვები და ტოპ ჟურნალისტების ექსკლუზიური ინტერვიუები შემთხვევის ადგილიდან… რა ჩამოთვლის.
ჩაიარა არჩევნებმა და ეს საქმეც დაივიწყეს. დარჩა მხოლოდ, გაუბედურებასთან ერთად, შეურაცხყოფილი ოჯახი და დაზაფრული საზოგადოება.
სამწუხაროდ, კარგა ხანია, მედიაში ჟანრის კლასიკად დამკვიდრდა: „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“.
მაგრამ, წასვლამდე, იქნებ უკან მოგეხედათ და საზოგადოებისთვის თუ არა, გიორგი შაქარაშვილის მშობლებისთვის და ბიძისთვის მაინც მოგეხადათ ბოდიში… ერთხელ მაინც… ბო…დი…ში!
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – მედიაჩეკერი • Mediachecker – გამეხარდებოდა, თუ დღევანდელი გადასახედიდან შაქარაშვილის საქმის მედიაგაშუქებას შეაფასებდით. ვფიქრობ, დღეს, ქართულ ჟურნალისტიკას, ჰაერივით სჭირდება რეფლექსია“, – წერს „ფეისბუქში“ შალვა პაპუაშვილი.