შალვა პაპუაშვილი - ესპანეთში შეხვედრები დატვირთულია საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობის საკითხით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა
ესპანეთში ყველა შეხვედრა დატვირთულია ერთი თემით, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა, საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ესპანეთში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დღეს შეხვედრები ესპანეთის კონგრესში ჰქონდა.
„შევხვდით კონგრესის პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს. ყველა ეს შეხვედრა დატვირთულია ერთი თემით, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთს, ზოგადად, მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში. გარდა ამისა, ის მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვნახეთ, რომ ესპანეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საპარლამენტო კავშირებით მუდმივად კონტაქტზე ვიყოთ ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთს შორის მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.