შალვა პაპუაშვილი - ერთი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ უკრაინისა და ჩვენს პარლამენტებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით
როდესაც საუბრობთ უკრაინის პარლამენტზე, არ მოგისმენიათ რამე საყვედური მათი მხრიდან, პირიქით. ეს არის სამწუხარო, რომ ისევ ქართველი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ და, სამწუხაროდ, ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის ურთიერთობა არის თბილი და ამ ურთიერთობას განსაკუთრებულად უფრთხილდებიან.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ ერთი წლის განმავლობაში იყო უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში არის ადამიანის წამების რეჟიმი. მისივე თქმით, როდესაც ამ ბრალდებებზე არ არის რეაგირება, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით კიევში, ჩვენი უკრაინელი კოლეგების რამდენიმე ვიზიტით, ჩვენი მოწვევით და ჩამოსვლით აქ, საქართველოში, დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის ძალიან თბილი და ჩვენ ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ამ თბილ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები, ბრალდებები… იყო იქ მათ შორის მიმართვა რადას მხრიდან, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. ეს ხომ მოსმენილი გაქვთ. როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც პარლამენტში არიან თუ პარლამენტს გარეთ, სამშობლოს აბრალებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს აწამებენ, ამ ქვეყანაში ვიღაცას აწამებენ და ყველამ რომ იცის, ეს არის ტყუილი და საერთოდ ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ოპონენტები და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ მხრივ ჩვენ გვერდით არ გვიდგანან, რათა დაიცვან საქართველო ამ პროპაგანდისტული შეტევისგან, ეს არის საწყენი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი წლის განმავლობაში – და მრავალჯერ მოხდა ეს – საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. მიუხედევად ამისა, ჩვენ არცერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო, რასაც აჩვენებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.