შალვა პაპუაშვილი - ერთი წელი ჰქონდათ, გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს, ეს არ გააკეთეს, ამიტომ ხალხს აქვს უფლება, საკითხი კანონმდებლობით დაარეგულიროს, მიიღოს ინფორმაცია თანხის ხარჯვაზე
უპირველეს ყოვლისა, რაც არ პასუხობს დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის ფულის ფარული ხარჯვა სხვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი, მე პირადად ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატიური წარმომადგენლები დამერწმუნებინა, როდესაც ფული იხარჯება მათი მხრიდან საქართველოში, ეს ფული იყოს გამჭვირვალე ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოური დაფინანსებები.
„ეს ფული არის ფარული. შემდგომ შემთხვევით ირკვევა, რომ თანხა მიდის პარტიების სალაროებში, რადიკალურ ჯგუფებში. ამიტომ ახლა კითხვები უნდა მიემართებოდეს არა საქართველოს და მისი ხალხის მიმართ, არამედ ქართველ ხალხს გვაქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით, რატომ მალავენ ამ დაფინანსებას? ყველაზე კარგად თავად იციან, რომ ეს დაფინანსებები არის დამალული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ შესაბამის პირებს გაესაჯაროებინათ, რაში იხარჯებოდა უცხოური ფული, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ.
„რაც შეეხება საკითხის გადაწყვეტას, ადრეც ვთქვი, რომ არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი, ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი ჰგონია და ქართველი ხალხი – ხარი. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა საკითხების მიმართ, როდესაც, ერთი მხრივ, ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი მოქმედებს სპეცსამსახურების მეთოდებით საქართველოში და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებს, რადიკალურ ჯგუფებს. კანონმდებელია ვალდებული, რომ ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე გახადოს ეს ყველაფერი. გვესმის გარკვეული წუხილები და კრიტიკა. ერთი წელი ჰქონდათ დრო, რომ გაესაჯაროებინათ, რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, რომ კანონმდებლობით დაარეგულიროს საკითხი და მიიღოს ინფორმაცია, რაში იხარჯება ეს ფული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.