შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი რჩევა მექნება სალომე სამადაშვილის მიმართ, საკუთარ თავს დაუფიქრდეს, საუბრისას ჩართოს წამზომი და შეეცადოს, ერთი წუთი გაძლოს ისე, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს
ერთადერთი რჩევა მექნება სალომე სამადაშვილის მიმართ, საკუთარ თავს დაუფიქრდეს, საუბრისას ჩართოს წამზომი და შეეცადოს, ერთი წუთი გაძლოს ისე, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სალომე სამადაშვილს ურჩევს, დაფიქრდეს საკუთარ ქცევასა და რიტორიკაზე.
„მოგიწოდებთ ყველა დეპუტატს, ჟურნალისტებს, ქალბატონი სალომე რომ გამოვა, ჩართეთ წამზომი და დაელოდეთ, თუ პირველსავე წუთში არ იქნება ზიზღის რამე სიტყვა. დაელოდეთ, ერთი წუთი მაინც თუ გაძლებს, რომ ზიზღი არ გამოავლინოს. ერთხელ კითხვა დასვა, მეორედ დააზუსტა, ორჯერ თქვა კლოუნიო, შემდეგ ქალბატონ მაკაზე თქვა – დაქირავებულიო, მერე თქვა მოძალადეებიო, არ ვიცი, რა გითხრათ, რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო. რა იმედები გვაქვს, როდესაც თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ევროპაში ელაპარაკება და არწმუნებს. ხომ ხვდებით, რაზე ელაპარაკება. რაზე უნდა ელაპარაკოს, რომ ხელისუფლებაში კლოუნები არიან, დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ ზიზღია ყველგან, აი ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მის მიმართ, ცოტა რეფლექსია მოახდინოს, საკუთარ თავს დაუფიქრდეს, მართლა, თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს, რომ დაიწყებს საუბარს, ჩართოს წამზომი და შეეცადოს, ერთი წუთი თუ გაძლებს ისე, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს. ქალბატონ მაკასთან დაკავშირებით ვხედავთ, უკვე მერამდენედ აკეთებს სალომე სამადაშვილი და საზოგადოებამაც იცის, რომ მაკა ბოჭორიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი, რომელიც ევროკავშირში წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც სალომე სამადაშვილი იყო ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ძალიან კარგადაც შეაფასეთ მისი საქმიანობა იქ. ხედავთ, როგორ იკავებს ქალბატონი მაკა თავს, რომ პასუხი არ გასცეს სალომე სამადაშვილს. ყოველ ჯერზე გამოდის, დაქირავებულს ეძახის ადამიანს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ამის მორიდებაც არ აქვს, რომ ასეთი ზიზღი არ აფრქვიოს.
ვურჩევ მას, რომ დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე, რიტორიკაზე. გუშინ სტუდენტები მოიყვანა და მათი თანდასწრებითვე დაიწყო ამ ზიზღის ენის გამოვლენა. არ ვიცი, სასწავლებელში რას აკეთებს, ეჭვი მეპარება, რომ შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას აუდიტორულ საქმიანობისა და ლექციის წაკითხვის დროს. როდესაც ადამიანი სტუდენტებთანაც ვერ იკავებს თავს, რომ ეს ზიზღი არ გამოავლინოს და რამდენაირად არ შეაზიზღოს საკუთარივე პარლამენტი სტუდენტებს, წარმომიდგენია, უცხოელ პარტნიორებთან ერთად რა სურათს სახავს საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.