შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი პოლიტიკა, რაც ოპოზიციას აქვს, არის ბოღმის პოლიტიკა, ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი პოლიტიკა, რაც ოპოზიციას აქვს, არის ბოღმის პოლიტიკა, ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ

ამაზე მეტი „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე დღეს „ლელოა“, მგონი, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მუდმივად არის გადანაწილება-გადმონაწილება, მესამე ძალის ძახილი და ახლა „ლელოსგან“ დაანონსებული ექსტრემალი „ნაცების“ გაერთიანება, ზურაბ ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას ჩათვლით. ამაზე მეტი „ნაციონალური მოძრაობა“, ვიდრე დღეს „ლელოა“, მე მგონი, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ აღარ არის. შეხედეთ, ვინ არიან მათი აქტიური წევრები და ლიდერები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ კუბში აყვანილი. ყველაზე ექსტრემალი „ნაციონალები“ ჰყავთ. ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ცნობილი არიან იმით, რომ არიან ჩვეულებრივი რადიკალები, რომლებიც სამწუხაროდ, მათ შორის უცხოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ფინანსდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ოპოზიცია იუმორისტულ გადაცემას დაემსგავსა.

„ეს, რაც ხდება, სინამდვილეში, პოლიტიკის პროფანაციაა და იქ პოლიტიკა უკვე აღარ არის. მათ შორის, პერსონაჟების დონეზე ეს არის აბსოლუტური პროფანაცია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია იუმორისტულ გადაცემას დაემსგავსა და ეს მართლაც სამწუხაროა. მათ ხალხს ფაქტობრივად, თავადვე მოუსპეს არჩევანი. დღევანდელი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის პირდაპირ აღიარება, რომ ხმას აძლევ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხმას აძლევ არეულობას და იმას, რომ გატარდეს არა შენი, როგორც ამომრჩევლის, არამედ გატარდეს სხვების ინტერესები, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან ნაკარნახევი ინტერესები. ამას პირდაპირ აკეთებს ჩვენი ოპოზიცია. ჩამოკიდებული არიან იმაზე, რას იტყვის ესა თუ ის უცხოელი პოლიტიკოსი და არავითარი საკუთარი ინიციატივა არ გააჩნიათ. ვხედავთ, ძირითადად, რა თემები აქვთ. ეს არის სააკაშვილი-რუსეთი, რუსეთი-სააკაშვილი. ამას წლებია, ვერ ცდებიან. ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ. ერთადერთი პოლიტიკა, რაც აქვთ, არის ბოღმის პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ. ამიტომ, სამწუხაროდ, მათ ქმედებებს სერიოზულადაც ვერ ვაფასებ. ეს არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც საცეცებივით არის მოდებული მთლიან ოპოზიციას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც მან საკუთარ მიმდევრებში დაამკვიდრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი, რასაც ოპოზიცია ახერხებს, საზოგადოებაში შფოთის შემოტანაა, რაც ერთი-ორდღიანი შფოთია და შემდეგ ჩაივლის, თუმცა საზოგადოებას რჩება უსიამოვნო ემოციები.

მისივე თქმით, საარჩევნო წელი მოდის და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროგრამა ადამიანთა ნერვებზე თამაში და სიტუაციის არევა იქნება, ხელისუფლების ამოცანა კი იქნება, პროცესების რადიკალიზაცია არ დაუშვას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ დებს ფსონს ყოფილ სახალხო დამცველზე, რა შანსი აქვს მას 2024 არჩევნებზე და რატომ ნინო ლომჯარია, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნინო ლომჯარიამ როგორც თავად თქვა, „სოროსის ფონდი“ აფინანსებს, „სოროსის ფონდის“ ხელმძღვანელმა კი სულ ახლახან პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სურვილია ხელისუფლების შეცვლა. მისივე თქმით, ლომჯარიას მიერ მოძრაობის დაფუძნება არის პიარული ხრიკი, თითქოს ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მოძრაობა, რათა ბოლოს გაიხადოს ცხვრის ქურქი და მისგან პოლიტიკური პარტია წარმოდგეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას მოკავშირე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და შიდა თუ გარე 50-მდე ადამიანი, რომელთა ყურებაც მაყურებელს უკვე მობეზრდა.

შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას სახაროვის სახელობის პრემიაზე წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანა ფოტიგამ არ იცის, რას ნიშნავს ქართულ კონტექსტში სახაროვი, რომელმაც საქართველოს პატარა იმპერია უწოდა და იმის იდეოლოგი იყო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს უნდა გამოყოფილიყო.

„იმიტომაც გაუხარდა ქალბატონ ნინოს ეს წარდგენა, რომ ის ქართული კონტექსტით არ მსჯელობს ამ საკითხებზე და მისთვის გასახარია, რადგან ის ყველაფერს ხედავს მხოლოდ სხვისი სათვალეებით და არა ქართული გადმოსახედიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.