შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი
ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი უზუსტობაა სააკაშვილის დაკავების საფუძველი.
პაპუაშვილის თქმით, გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი ცდილობს საქართველოს დაზიანებას იმისთვის, რომ ის დაიხსნან ციხიდან.
„არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა, გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს ექვსი წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს შესაძლოა, პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ და თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. თვითონ ევროპულმა სასამართლომ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის. არის სხვა შეცდომებიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალ სივრცე“.
შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე, რომელიც საფუძვლად უდევს რეზოლუციას. მან გაიხსენა შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები, როდესაც ცენტრი „ემპათია“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა.
„ცენტრი „ემპათია“ და მათი ექსპერტები, ყველას გვახსოვს, შაქარიშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე როგორ სიყალბეს აწვდიდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე ცენტრი „ემპათია“ ამბობდა ადამიანზე, რომ თითქოს ოთხი დღე იყო ცოცხალი და ამას ამბობდნენ „ექსპერტული“ დასკვნის საფუძველზე. ასეთი ორგანიზაციის დასკვნას რომ არანაირი ფასი არ აქვს და ეს რომ ძალიან კარგად იციან და მაინც წერენ მას რეზოლუციაში, ეს არის, რა თქმა უნდა, თვალებში ნაცრის შეყრა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე – ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისთვის, რომ დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.