შალვა პაპუაშვილი - ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად უნდა განვიხილოთ, შევათანხმოთ, მოვაწესრიგოთ, კონსტიტუცია ამ მხრივ ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია
ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად უნდა განვიხილოთ, შევათანხმოთ, მოვაწესრიგოთ, კონსტიტუცია ამ მხრივ ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ქუთაისში, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
პაპუაშვილმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გახდა საჭირო.
„როგორც იცით, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ცვლილებები, რომელიც ეხება, ერთი მხრივ, კონსტიტუციაში, 30-ე მუხლში ცვლილებას და, ამავე დროს, ეხება კონსტიტუციური კანონის ცალკე მიღებას. ამ ცვლილების ინიცირების მიზეზი, საფუძველი არის ტენდენციები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩვენ, ყველა ვაკვირდებით, ტენდენციები, რომლებიც ხდება მსოფლიოში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენკენაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს. სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა კონსტიტუციური ცვლილების და კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ თქვენთან და სხვა თანამოქალაქეებთან განვიხილოთ ეს ინიციატივა, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, შევაჯამოთ და წარვუდგინოთ პარლამენტს, გადავცეთ დანაბარები. 17 მაისამდე გვაქვს დრო, ვიწყებთ ქუთაისით.
ამ თემის ინიცირება როცა მოხდა, ალბათ გსმენიათ განცხადებები, რამდენად არის ეს აქტუალური, რამდენად არის ისეთი მწვავე საკითხი, რომელიც დღეს და ახლა საჭიროებს რეგულირებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე, ისევე, როგორც ჩვენი კოლეგები, ვიყავი 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, როდესაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავდა კონსტიტუციის ცვლილების ბოლო რედაქცია და ის მივიღეთ. გახსოვთ საკითხი, როცა კონსტიტუციის 30-ე მუხლში გაიწერა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, მაშინაც ზუსტად ეს არგუმენტი იყო – სამოქალაქო კოდექსში ისედაც ასეა მოწესრიგებული და რა საჭიროა კონსტიტუციაში ამის ჩაწერაო, მაგრამ მაშინაც ზუსტად ეს არგუმენტები იყო, რომ საკითხის კონსტიტუციით გამყარება აბსოლუტურად სხვა დონე, სიმტკიცეა, ასევე სხვა პოზიცია მთლიანად ერის და ხალხის, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მაშინვე იყო საუბარი, რომ იმ დროს შეიძლება, არ იყო აქტუალური, მაგრამ ჩანდა ტენდენციები, რომ ეს აქტუალური გახდებოდა საქართველოშიც. მართლაც, 2017 წლის შემდეგ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საკითხები საქართველოში კვლავ წამოწეულიყო. ამიტომ ეს გამოცდილებაც გვკარნახობს, რომ ისეთი საკითხები თუ არის, რომლებიც ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობისაა, მნიშვნელოვანია, დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული, დროულად მოწესრიგდეს ისეთ ადგილას, რომლის შეხებაც და შეცვლაც რთულია. იცით, რომ, 2017 ცვლილებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციის ცვლილებას სჭირდება პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედი, რათა მყისიერად შევიდეს ძალაში. ამიტომ, ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, რომელიც ყველანაირად არის დაცული პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაც საკითხების გადაწყვეტიდან. წინ გველის საინტერესო დისკუსია. გახლავართ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე, ამიტომ შევეცდები, ძირითადად გავწიო მოდერაცია და საშუალება მივცე როგორც კომისიის წევრებს, ისე თქვენ, ჩაერთოთ დისკუსიაში, რათა ყველა მოსაზრება შეჯერდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. „კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამასთან, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.