შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოებს“ ისტერია ჰქონდათ, თითქოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი, ასე რომ, მათი სპეკულაციები ფუჭია
„ენჯეოებს“ ისტერია ჰქონდათ ატეხილი, თითქოს საქართველოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი, ასე რომ, მათი სპეკულაციები ფუჭია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც მედიისთვის აკრედიტაციის წესსა და ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონსაც შეეხება.
პაპუაშვილის თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ დაყრდნობილია „ენჯეოების“ შეფასებებს, აღქმებს და ხედვებს.
„„ენჯეოებს“ რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით, ელიტურ „ენჯეოებს“, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება საქართველოში, გასაგებია. ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, ასე იარაღად იყენებენ ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს. შევხედოთ, რა არის ფაქტები. შევხედოთ მარტის აქციებს და პოლიციის მოქმედებას, რამდენად იყო, თუ არ იყო ძალის გადაჭარბება. ეს საკითხი სწორედ „ენჯეოების“, ყოფილი ომბუდსმენის და ზოგიერთი ყოფილი დიპლომატის ისტერიის საფუძველზე არაერთხელ გამხდარა საქართველოში დისკუსიის საგანი. 2019 წლის ნოემბრის, 20 ივნისის და სხვა აქციებთან დაკავშირებით ისტერია, „ენჯეოების“ ერთობლივი განცხადებები, ყოფილი ომბუდსმენის და ზოგიერთი დიპლომატის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ადანაშაულებდნენ და ისტერია ჰქონდათ ატეხილი, თითქოს საქართველოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა. ყველა ეს საკითხი მივიდა სტრასბურგამდე და ყველა ამ საკითხზე სტრასბურგმა თქვა, რომ საქართველოს პოლიცია იყო მართალი და მტყუანი იყო ენჯეოსექტორი, ყოფილი ომბუდსმენი და ყოფილი დიპლომატები. საქართველოს პოლიცია რომ საერთაშორისო, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, ეს დადასტურებული არის სტრასბურგის რამდენიმე გადაწყვეტილებით. ასე რომ, ფუჭია სპეკულაციები, რომლებსაც ცდილობენ „ენჯეოები“, რომ ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ეს აღიარა.
რაც შეეხება კანონს, მე მგონი, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს არის ფარული დაფინანსება პოლიტიკის უცხოეთიდან. ევროპის დემოკრატიის ფონდი პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ისე რომ, არ ასაჯაროებს ამას არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. პირდაპირ აფინანსებს ექსტრემიზმს. თქვენ იცით, ევროპის დემოკრატიის ფონდი შემთხვევით გაირკვა, როდესაც აღმოჩნდა, თურმე მოძალადეების ჯარიმებს იხდიან, მათ შორის პოლიციასა და პარლამენტის შენობაზე თავდამსხმელთა და ასე შემდეგ. ამით ახალისებენ ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს. ასე რომ, ეს ყველაფერი დაფარულია, კანონი საჭირო იყო, რომ ასეთი ფინანსები იყოს საჯარო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჟურნალისტების აკრედიტაციის წესზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს.
„რაც შეეხება ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ საკითხს და ძალიან საინტერესოა. მინდა, დააკვირდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებს, რადგან გასაჩივრებული საკითხი არის ერთი, რომელიც ეხება ე.წ. კორიდორებში დეპუტატების დევნას, რაც ნიშნავს, რომ სხვა საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ არსებობს, მათ შორის მომჩივანში. აკრედიტაციის წესი უნდა იყოს, ოთახებში, ტელეფონებში შევარდნები არ უნდა იყოს. ასე რომ, ამ საჩივრითაც კი, იმ ჯგუფმა, რომელმაც გაასაჩივრა, დაადასტურა, რომ არის სრული საჭიროება აკრედიტაციების, სრული რეგულაციები. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ასაჩივრებენ, ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დევნონ პარლამენტის კორიდორებში. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და მოვისმენთ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.