შალვა პაპუაშვილი - „ემპათიის“ ხელმძღვანელის მხრიდან სიყალბეს ვისმენდით შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის საქმეებზე, ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა არ მაქვს
არსებობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და გარკვეული მოსაზრება გამოაქვეყნა. ამ თვალსაზრისით, არანაირი შეზღუდვა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ეძლევათ თუ არა დამოუკიდებელ ექსპერტებს უფლება, სააკაშვილთან შევიდნენ.
„რა თქმა უნდა, ეძლევათ. იცით, ერთი მხრივ, არის პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალი, რომელიც 24-საათიან კონტაქტზეა, ან რომლის მეთვალყურეობის ქვეშ არის თავად პატიმარი. მეორე მხრივ, არსებობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და გარკვეული მოსაზრება გამოაქვეყნა. ამიტომ ამ თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, რომ ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებს არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების საშუალება, პაპუაშვილის განცხადებით, პირადად მას ამ ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ნდობა არ აქვს.
პაპუაშვილმა დაამატა, რომ ეს დამოკიდებულება ციხეში ორგანიზაციის წარმომადგენლების შეშვება-არშეშვებასთან კავშირში არ არის.
„ასე შეიძლება, ბევრი ჯგუფი შეიქმნას. სისტემა ასე ხომ არ ფუნქციონირებს? „ემპათიის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მისი ხელმძღვანელის მხრიდან აბსოლუტურ სიყალბეს და ტყუილს ვისმენდით შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის საქმეებზე. გახსოვთ, რა სიყალბის მცდელობასთან გვქონდა საქმე – ყალბი, ე.წ. საექსპერტო დასკვნებით საკითხი ისე შეეფუთათ, რომ მღელვარება გამოეწვიათ. ამიტომ, ამ ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს, თუმცა ეს ციხეში მათ შეშვება-არშეშვებას არ ეხება. მიხეილ სააკაშვილს, ერთი მხრივ, ყურადღებას აქცევს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, მეორე მხრივ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი იყო. რა თქმა უნდა, უსაზღვრო ჯგუფები ვერ შეიქმნება. სააკაშვილის გარშემო ისტერიის შექმნის მცდელობას ვხედავთ. ყველაფერი ემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასჯელის თავიდან არიდებას. ამიტომ, მთელი პიარი, რომელიც ამაზეა აწყობილი და ისტერია, რომელსაც საზოგადოებაში თესავენ, პროპაგანდისტური მეთოდებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.