შალვა პაპუაშვილი - ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებული განცხადება დაგვიანებული პატრიოტიზმია, აცადონ ქართველ ხალხს, ვურჩევდი, გაჩერდნენ, მეტად არ დააზიანონ პროცესი
შალვა პაპუაშვილი - ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების ინიცირებული განცხადება დაგვიანებული პატრიოტიზმია, აცადონ ქართველ ხალხს, ვურჩევდი, გაჩერდნენ, მეტად არ დააზიანონ პროცესი

უდიდეს პატივს ვცემ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას საქართველოში და მათ როლს საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიულ განვითარებაში, არამედ სხვადასხვა სექტორში. საქართველოს განვითარებაში უდიდესი როლი აქვს პროფესიულ და სხვადასხვა გაერთიანებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე ელიტური არასამთავრობო ორგანიზაცია არის ინიციატორი, მათ შორის იმ განცხადების, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს.

„ამ შემთხვევაში ვსაუბრობ რამდენიმე ელიტურ „ენჯეოზე“ და არ ვსაუბრობ 169 ორგანიზაციაზე. ამიტომაც ვთქვი, რომ ინიციატორები ვინც იყვნენ, ვიცით, რომ ეს განცხადება მათ მიიტანეს, მათ შორის, ევროკავშირის საელჩოში. შეხედეთ ფოტოს, იქ 169 ადამიანი მე ვერ დავთვალე, იქ დავინახეთ რამდენიმე ცნობილი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, ელიტური, რომელიც აგროვებს ამ ხელმოწერებს და ლაპარაკობს სხვების სახელით. სინამდვილეში, ისინი არიან თავად ინიციატორებიც და განმახორციელებლებიც ასეთი ინიციატივებისა. ეს ელიტური „ენჯეოები“, რომლებიც ინიციატორები არიან განცხადების, არიან აქტივისტები ამ განცხადების, ესენი არიან, ვინც ზეწოლას ახდენდნენ პარლამენტის წევრებზე, რომ ჩაშლილიყო რეკომენდაციების შესრულება, ესენი არიან ისინი, ვინც მაშინ, როდესაც სამი რეკომენდაცია ჯერ კიდევ ივლისში განხორციელებულად ჩათვალა ევროკომისიამ, ამბობდნენ, რომ მხოლოდ ერთი არის განხორციელებული და აკლებდნენ ქულებს საკუთარ ქვეყანას. დღესაც ამ განცხადებაში ვნახეთ ეს ცალყბად ნათქვამი, რომ ობიექტურ შეფასებას ითხოვენ, ესეც ხომ არის ნაგულისხმევი, რომ ისინი კვლავ რჩებიან პოზიციაზე, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი იმარჯვებს.

„ყველა ხედავს ამას, ამას ხედავს რადიკალური ოპოზიცია, ამას ხედავს ზოგიერთი ენჯეოჯგუფები, რომლებიც მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ღიად, საჯაროდ თუ არასაჯაროდ ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესს. საჯარო წინააღმდეგობები ჩვენ ვნახეთ შეფასებებში, განცხადებებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს წინააღმდეგ, არასაჯაროც ბევრი იყო მათ შორის და გახდება კიდევ ბევრი რამე ალბათ ცნობილი. ნელ-ნელა გვესმის, ვინ რას ლობირებდა თუ არ ლობირებდა ამა თუ იმ შეხვედრებზე. ამიტომ ეს დაგვიანებული პატრიოტიზმია. ერთ რამეს ვურჩევდი მათ, აცადონ ქართველ ხალხს. თუ უნდათ, რომ რაიმენაირად დაეხმარონ, ჯობს, გაჩერდნენ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად დააზიანონ პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ევროკომისიას, „არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს“.