შალვა პაპუაშვილი - ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს და მეტი ძალადობა მოჰყვება, გუშინ გადაიკეტა ერთ-ერთი მთავარი არტერია, აქციამ მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო
შალვა პაპუაშვილი - ძალადობრივი აქციის მშვიდობიანად შეფასება ახალისებს რადიკალიზმს და მეტი ძალადობა მოჰყვება, გუშინ გადაიკეტა ერთ-ერთი მთავარი არტერია, აქციამ მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტის ფორმა ძალადობრივ სახეს როცა იღებს, მაგრამ განცხადებები კეთდება, რომ იყო მშვიდობიანი, ეს ახალისებს ძალადობას.

მისივე თქმით, ასეთ განცხადებებს შემდეგ ჯერზე მეტი ძალადობა მოჰყვება.

„აქცია როდესაც არის ძალადობრივი და ხდება მისი შეფასება, თითქოს მშვიდობიანია, ეს ხელს უწყობს და ახალისებს რადიკალიზმს, ძალადობას. ვნახეთ, რომ პირველი დღის შემდეგ, როდესაც იყო მსგავსი განცხადებები, შემდეგ ჯერზე მეტი ძალადობა მოჰყვა. გუშინ იყო მხარდამჭერი განცხადებები და გუშინ საღამოს ვნახეთ, რომ ძალადობრივი აქციები უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მანამდე ძალადობა თუ გამოხატული იყო პოლიციელების, პარლამენტის შენობის მიმართ და პოლიცია ყველანაირად ცდილობდა, თავშეკავებული ყოფილიყო, გუშინ ვნახეთ, რომ პოლიტიკური უმცირესობის აქცია ძალადობის ახალ დონეზე ავიდა და მოქალაქეებზე ძალადობის ხასიათი მიიღო. გუშინ გადაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი არტერია. მოქალაქეებს არა მხოლოდ დისკომფორტი შეექმნათ, არამედ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს სჭირდებოდათ გავლა, მაგრამ არავის ატარებდნენ. ეს უკვე არის პირდაპირ ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, გარკვეულწილად, სწორედ ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავთ, მათ შორის, უცხოელ აქტორებს თავიანთი განცხადებებით, რომლითაც თვალს ხუჭავენ ძალადობაზე, რომელიც ხდება აქციაზე და ამით ახალისებენ მეტ ძალადობას. ზუსტად ეს არის შედეგი ამგვარი განცხადების, რომელიც ახალისებს ძალადობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, თავიანთი პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.

„მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, საქართველოს კონსტიტუციით პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა უზრუნველყოფილია ყველასთვის. ყველა უნდა ჩაეტიოს მშვიდობიან ფორმაში და ამან არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ფორმა. ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. ამიტომ, ვისაც სურს, გამოთქვას თავისი პროტესტი თუ მოსაზრება, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმა და გამოიყენონ მშვიდობიანი ფორმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.