შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი, არეულობის წაქეზება
„დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „სირცხვილიას“ დანიშნულება არის ერთადერთი, არეულობის წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციებში, მათ აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში, პრობლემა არის იმაში, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან და ამას თავადაც აღიარებენ.
„ჩვენ ვნახეთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში, რომ ხდება პირდაპირი დაფინანსება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს, ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით, მათ შორის სემინარების ჩატარება, სადაც იარაღის ტრიალი მიდის ახალგაზრდების მხრიდან და ხდება მათი შეგუება იარაღთან, ეს დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან. ასევე „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი „ენჯეოები“, რომლითაც ხდება ფულის შესვლა საზღვარგარეთიდან და თან ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან, ესეც არის პარადოქსი, არის როგორც კეზერაშვილის დაფინანსება, რუსეთიდან დაფინანსება, ასევე სხვადასხვა უცხოური ფონდებიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი, ვხედავთ, რაც არის, ეს არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ დონორები, რომელთა ფულითაც ხდება ამ ექსტრემიზმის წახალისება საქართველოში, გაემიჯნონ ამ ორგანიზაციებს, ვინაიდან, ამას იქით, ნებისმიერი ასეთი ექსცესი, ნებისმიერი შემთხვევა, ვინმე რომ დაშავდეს, სწორედ იქნება ამ დონორების მხრებზე.
ვინაიდან, თუკი მათ აქამდე არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, თუკი აქამდე ისინი ფიქრობდნენ, რაღაც აქტივიზმს ახალისებდნენ, მე მგონი, დადასტურდა ბოლო პერიოდში, რომ ეს არიან ჩვეულებრივი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – არეულობა. აქ პასუხისმგებლობა არის მათზე, ვინც აფინანსებს და ამით ასულდგმულებს ასეთ ჯგუფებს, რომლებიც არეულობას უწყობენ ხელს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.