შალვა პაპუაშვილი - ჟურნალისტების მხრიდან პირდაპირ პოლიტიკოსობაში გადაჭრაზე, ვფიქრობ, ქართულმა მედიამ უნდა იმსჯელოს და ამაზე გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოს
შალვა პაპუაშვილი - ჟურნალისტების მხრიდან პირდაპირ პოლიტიკოსობაში გადაჭრაზე, ვფიქრობ, ქართულმა მედიამ უნდა იმსჯელოს და ამაზე გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოს

ამ მედია ჯგუფებს აინტერესებთ, რომ შექმნან განწყობები, აღქმები და ფაქტები არანაირად არ აინტერესებთ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„ეს ისეთი ჯგუფია, რომლისთვისაც მთავარი არის ძალაუფლება და რამენაირად ამ ძალაუფლების მოპოვება. დღესაც რომ დადიოდნენ და გაიძახოდნენ, მკვლელებიო, ჩვენ მოვისმინეთ შს სამინისტროს ბრიფინგი, სადაც მათ შორის, ექსპერტიზის წინასწარი დასკვნები იყო. მათ შორის, ამაში ოჯახისთვის სანდო დამოუკიდებელი ექსპერტიც არის ჩართული და ისიც ადასტურებს ამ საკითხებს, მაგრამ მათ რა ქნეს?! – ბრიფინგი ჯერ დააანონსეს და აჩვენებდნენ იქ მყოფ მოქალაქეებს, შემდეგ კი პირდაპირ გათიშეს და არც კი მოასმენინეს. „ტვ პირველის“ წარმომადგენელმა გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ექსპერტიზის დასკვნას არც კი გაუშვებენ საკუთარ ტელევიზიაში. იმიტომ, რომ მათ ეს არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, რომ შექმნან განწყობები, აღქმები და ფაქტები არანაირად არ აინტერესებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ახსენდება აღქმების და ფაქტების შედარება, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მთელი პროცესის განმავლობაში, არჩევნებზე და ზოგადად.

„ხომ კარგად გვახსოვს, მათ შორის, ქართულმა მედიამ და ჟურნალისტიკამ მოსახლეობას რა აკადრა, რა ისტერიკა ჰქონდათ ატეხილი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რა აკადრეს გარდაცვლილ ადამიანს და მის ოჯახს, რა ვერსიებს გვახვევდნენ თავს?! ისინი დღესაც ცდილობენ, ეს ვერსიები გააცოცხლონ. ეს ხომ არც ადამიანობაში ჯდება, არც პოლიტიკაში და ჟურნალისტიკაში ხომ საერთოდ არ ჯდება?! ამ ადამიანებს ნულოვანი შეხება აქვთ ჟურნალისტურ ეთიკასთან და სტანდარტთან. შაქარაშვილის საქმე ხომ გვახსოვს, რა ქნა მედიამ და ჟურნალისტიკამ?! ახლა, სწორედ ამ მედიის ხელმძღვანელები შემოვარდნენ პარლამენტში, თითქოს, რაღაც კითხვები უნდა დაესვათ. რა, პარლამენტის დარბაზში აპირებდნენ კითხვების დასმას? თუ კითხვები აქვთ, დაუსვან რესპონდენტებს და თუ რამე კითხვები აქვთ, დაელოდონ ექსპერტიზას და ამ შედეგებით იმსჯელონ. ის, რაც დღეს ხდება, არის საკუთარი კოლეგის სიკვდილით ვაჭრობა. სამწუხაროდ, აი, ამ დონეზეა დაშვებული ეს მედია ჯგუფი, რომლის პოლიტიკურ ჯგუფად გადაქცევას, თუ გამოაშკარავებასაც ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. სხვათა შორის, დღეს უკვე გაკეთდა განცხადებები და მე არც კი გამოვრიცხავ, რომ ისინი მალე პოლიტიკურ ჯგუფადაც ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმის, რომ ამ ადამიანებს შეკითხვები აქვთ.

„ის, რომ მათ რაღაც კითხვები აქვთ და ეს აღელვებთ, საქართველოს მოქალაქეებს რომ დაეჯერებინათ, დღეს პარლამენტთან აქციაზე ადამიანთა დიდი რაოდენობა იქნებოდა. თქვენ ნახეთ, იქ რამდენი ადამიანი შეიკრიბა. ეს არის მათი ფარისევლობა, მათ არანაირი კითხვები არ აინტერესებთ და მათთვის ადამიანი არის არაფერი, ნული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მიეცა „ტვ პირველის“ ხელმძღვანელს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება და შეკითხვების დასმის საშუალება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკვე, წინა პლანზე მედია ხელმძღვანელები და მაგნატები წამოვიდნენ, რადგან როგორც ჩანს, ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური ჯგუფები მათი გემოვნებითაც ვეღარ ახდენენ იმ დონის დესტაბილიზაციას და ქვეყნის დესტაბილიზაცია მათ უკვე საკუთარ ხელში აიღეს.

„ტელევიზიებმა აიღეს ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია საკუთარ ხელში. ეს ვფიქრობ, ქართული მედიისთვის ტრაგედიაა და თქვენ, ჟურნალისტებმა, მედია ოჯახმა, რომელიც ჟურნალისტების სახით არსებობს, შიგნით უნდა იმსჯელოთ, რატომ არის, რომ ჟურნალისტები უკვე აღარ ერიდებიან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მიტინგების მოწყობას და ა.შ. ჟურნალისტების მხრიდან პირდაპირ პოლიტიკოსობაში გადაჭრაზე ვფიქრობ, ქართულმა მედიამ უნდა იმსჯელოს და ამასთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნებიც უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „სირცხვილია“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, რომელიც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.