შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის კომიტეტების ბოიკოტს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს წყვეტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვებში ჩაერთვება.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის კომიტეტების ბოიკოტს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს არ წყვეტს.
„ბოიკოტზე თავადაც უჭირთ კომენტარის გაკეთება. უკვე არასერიოზული გახდა ეს საკითხი. მინდა, შევახსენოთ, კომიტეტების მიმართ ბოიკოტი არ არსებობს, ასეთი ინსტრუმენტი ჩვენს რეგლამენტში არ არის. ბოიკოტი შეუძლიათ, გამოუცხადონ პლენარულ სხდომებს. კომიტეტების სხდომებზე ბოიკოტის პროცესში არც იყვნენ, აქედან გამომდინარე, არაფერს წყვეტენ. დისკუსია მნიშვნელოვანია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ფიქრობს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, ეს მხოლოდ კარგია და მივესალმები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.