შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში

სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, თუმცა ამას გარკვეული რისკი ახლავს თან.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და იცით, შევუერთდი მის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და რომლის მიმართაც ჩემი წუხილები მაქვს – სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია. ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა, მაგრამ ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში აქვს ერთი რისკი. იმ დროს, როცა ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის თუ დებატისა, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ, დაიცვა ის აზრი. შესაბამისად, ეს იწვევს მიმხრობას ამა თუ იმ პოზიციის მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. მას, ვინც ამა თუ იმ დიპლომატის პოზიციის საწინააღმდეგო პოზიციაზეა, ნეგატიური წარმოდგენები უჩნდება, უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ აბსტრაგირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომაც არის ვენის კონვენციაში ჩაწერილი, რომ შიდა საქმეებში მონაწილეობა არ უნდა იყოს. მარტო სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მოცემულობაა. სამწუხაროდ, ასე დამხვდა პოლიტიკაში, როდესაც მოვედი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში დიპლომატიური წარმომადგენლობების მონაწილეობას მანკიერებაც ახლავს თან. ამიტომ, პაპუაშვილის თქმით, სასურველია, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობა იყოს საჯარო.

„შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში დიპლომატიური წარმომადგენლობების მონაწილეობას მეორე მანკიერებაც აქვს, რომ ხშირად არის დახურულ კარს მიღმა. კი ბატონო, ეს გასაგებია და ასეც ხდება, ეს არის ნაწილი ჩვენი ურთიერთობისა პარტნიორებთან, თუმცა მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ. დახურულ კარს მიღმა როცა ვსაუბრობთ, კანონპროექტი იქნება თუ სხვა საკითხები, მსჯელობის დროს ჩვენ რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის. პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას, სხვა პოზიციები ჟღერდება. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. ამიტომ, თუ არის მონაწილეობის სურვილი ქართულ შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში პირველ, მეორე, თუ მესამე მოსმენის დროს, ეს იყოს საჯარო. ჩვენ თუ გვინდა, რომ კომიტეტის, ბიუროს სხდომა, ყველაფერი იყოს საჯარო, რათა მოსახლეობამ იცოდეს, როგორ განიხილება საკითხები, მაშინ ესეც იყოს საჯარო. მოსახლეობა ნახავს, რა არგუმენტები არსებობს. სამწუხაროდ, ამ და ზოგიერთ სხვა თემასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მხრიდან დოგმატიზმის ყრუ კედელს ვეჯახებით, როდესაც ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ, ხოლო იქიდან საუბარია კი და არა-თი. უბრალოდ, ასე აჯობებს თუ ისე აჯობებს – არგუმენტის გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვთავაზობ, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე“.