შალვა პაპუაშვილი - დილით იტყვიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული, პირდაპირ შეიძლება ამ მაგალითის აღწერა, რათა ვანახოთ, რა არის პროპაგანდა
ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა მსჯავრდებულ პირზე.
„პასუხისმგებელია, რომ ჰქონდეს სათანადო პირობები შექმნილი, მიწოდებული ჰქონდეს სათანადო სამედიცინო სერვისი. ზუსტად ამას აკეთებს აბსოლუტურად სკრუპულოზურად და დეტალურად საქართველოს სახელმწიფო. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომლებშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, არის განსაკუთრებული. სასჯელის დიდი ნაწილი ამ ერთი წლის განმავლობაში მან მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც სათანადო პირობები არის შექმნილი, უკეთესი, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ასევე, ყველანაირი სამედიცინო სერვისი აქვს მას შეთავაზებული. ყველა კვლევა, რომელიც დასჭირდა, ჩაუტარდა. გაეწია აბსოლუტურად ყველა სახის სამედიცინო თუ მედიკამენტური დახმარება. სხვათა შორის, ამას არავინ ამბობს, რომ იყო რამე სამედიცინო სერვისი, რომელიც მას სჭირდებოდა და ვერ მიიღო. ეს არ უთქვამს არცერთ ექსპერტს, არცერთ ადვოკატს და მათ შორის, არცერთ პოლიტიკოსს, რომ რომელიმე სერვისი მას არ მიეწოდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხდება დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში, რაც პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება.
„საქმე ისაა, რომ უკვე გარკვეულწილად საზოგადოების შეურაცხყოფაში გადადის ეს საკითხი, როდესაც დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული; დილით იტყვიან, რომ რაღაც ნივთიერება იყო დაშვებულზე მაღლა, საღამოს იტყვიან, რომ არ იყო. ეს, უბრალოდ, არის თამაში საზოგადოების ნერვებზე, ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, დაბნეულობის შეტანა, გაურკვევლობის. როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის. ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია ამ მაგალითზე. პირდაპირ შეიძლება ამ მაგალითის აღწერა და გამოყენება, რათა ვანახოთ, რა არის პროპაგანდა, როგორ ეწყობა ნარატივები და შემდეგ ამით ხდება რაღაც მიზნების მიღწევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.