შალვა პაპუაშვილი - დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, ხელისუფლებაში იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაასამმაგა ეკონომიკა და ქვეყანა რეალურად დააახლოვა ევროკავშირთან
დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, ხელისუფლებაში იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც გაასამმაგა ეკონომიკა, ევროკავშირთან რეალურად დააახლოვა საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე მშპ გააორმაგა და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„ხალხს ეს პოლიტიკური ძალა უნდა ხელისუფლებაში თუ ის ძალა, რომელიც ბოლო ორი წელი სთავაზობდა, რომ ქართველ მოხალისეებს გააგზავნიდა უკრაინაში, დააწესებდა სანქციებს, ჩაკეტავდა ქართულ ეკონომიკას მთლიანად და. ფაქტობრივად, მიგვიყვანდა კოლაფსამდე? ეკონომისტების მიერ დათვლილია, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო და სანქციები დაეწესებინა, ჩვენ დღეს გვექნებოდა არა ათ-ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, არამედ მინუს 10%-იანი ვარდნა, მეტი, ვიდრე კოვიდის დროს გვქონდა; მოხალისე მებრძოლებს რომ გააგზავნიდნენ უკრაინაში საომრად, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ან ომის პირას, ან ომში რუსეთთან, ან უკვე დასრულებული ომი იქნებოდა და გასაგებია, ვისი ტანკიც იდგებოდა თბილისში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ამას ხმას არ მისცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მესამე ძალის თამაშს თამაშობს, რაც სინამდვილეში არ არსებობს და მოსახლეობას კოალიციით მოსვლას სთავაზობს, რაც სრული აბსურდია.
„წარმოიდგინეთ, პოლიტიკური ძალა თავის ამომრჩეველს ეუბნება, იცით რა, მე არ მაქვს უნარი, ვმართო ქვეყანა, ცოტა შეიძლება, ბოლომდე არ უნდა მენდოთ და ამიტომ, შეიძლება, მე პირადად არ მომცეთ ხმა, მაგრამ ხმები სხვებსაც ისე გადაუნაწილეთ, რომ კოალიცია შევქმნათო. ანუ, თავის თავსაც არ ენდობიან ხელისუფლებაში და ასეთ ხალხს საერთოდ რა უნდა ხელისუფლებაში, რომელიც თავის თავსაც არ ენდობა?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი უმრავლესობა ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა კიდევ უფრო მეტად სასურველი იქნებოდა, ვინაიდან, სამწუხაროდ, არის გარკვეული გადაწყვეტილებები, მათ შორის, არჩევის დროს, როდესაც კოალიციური უმრავლესობის საჭიროებებს ვხედავთ და ოპოზიცია პირდაპირ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ჩვენი ხალხის ინტერესშია, პარლამენტს ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.