შალვა პაპუაშვილი - დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდეც
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამტკიცებულია, რომ 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
„თქვენ იცით, რომ 2021 წლის იანვარში იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, რაც სამართლებრივ ენაზე ოკუპაციას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ 2008 წლამდეც რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს. უკვე დღეიდან შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, სასამართლო დოკუმენტით დამტკიცებულია, რომ 1993 წლიდან აფხაზეთის ტერიტორია სამართლებრივად უკვე აღიარებულია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო მექანიზმების კუთხითაც არის აქტიური,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.