შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩვენ განვიახლეთ მანდატი, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისა, მივიღეთ დასტური ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც აქამდე გადავდგით და რამაც აჩვენა შედეგი
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიახლეთ მანდატი და ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საერთო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს იყო უდიდესი ენერგია, უდიდესი მუხტი, უდიდესი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას ნამდვილად ეროვნულ გზაზე. ამ დასტურით, ამ მუხტით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიახლეთ მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისა. ჩვენ მივიღეთ დასტური ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც აქამდე გადავდგით და რამაც აჩვენა შედეგი მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლისა და საქართველოს ინტერესების განმტკიცების. მივიღეთ მანდატი სამომავლოდ სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღების დროს ამავე ინტერესებით გაგრძელებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოსვლისას ვიქტორ იანუკოვიჩის ხსენების შესახებ დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლება ეყრდნობა ხალხს და არა გარე ძალებს.
„ისინი, ვისაც სურთ გარედან ქვეყნის მართვა, ქვეყნის შეცვლა, ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება, ეძებენ ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც ეყრდნობიან არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვა ინტერესებს. ასეთ ინტერესებზე დაყრდნობილი ხელისუფლება რომ არ ჰყავს დღეს საქართველოს და ხალხის ინტერესზე რომ არის დამყარებული, სწორედ ამიტომაც არის, რომ მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში ძვრა ვერ უყვეს ვერც ქართველ ხალხს და ვერც მის არჩეულ ხელისუფლებას. იანუკოვიჩებს ეძებენ ის ძალები, რომელთაც სურთ, ქვეყანაში გარედან მართონ სიტუაცია და ასეთი ძალა რომ არ არის საქართველოში და საქართველოში ხელისუფლება რომ ეყრდნობა ხალხს, სწორედ ამაზეა საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.