დღეს ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც ამხილა დავით კეზერაშვილი დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სწორედ ე.წ. ქოლცენტრებით იყო დაკავებული, განსაკუთრებით კი, დაკავებული იყო ევროპელი პენსიონრებისგან თაღლითური გზით თანხის მოპოვებით.
„იცით, რომ ჩვენი პროკურატურა ჩართული იყო საერთაშორისო გამოძიებაში. მათ შორის, ამ საქმეში ძალიან აქტიური იყო გერმანიის პროკურატურა საქმეში და სწორედ ჩვენი პროკურატურის მცდელობებით იყო გამოვლენილი ეს ქსელი. მაშინაც იყო საუბარი, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებული და ორგანიზატორი არის, მათ შორის, დავით კეზერაშვილი. მტკიცებულებებზე, ზოგადად, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც უკვე ამხილა დავით კეზერაშვილი ამ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანის შეკითხვაზე, „ქართული საგამოძიებო უწყებები თუ ფლობენ რაიმე ინფორმაციას დავით კეზერაშვილის უშუალო მონაწილეობისა და კავშირების შესახებ“, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება არ არის მისი კომპეტენცია.
„ვერ გეტყვით, გამოძიება არ გახლავთ ჩემი კომპეტენცია. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებს გამოძიებას, შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ერთი რამ უნდა ითქვას, ეს შეიძლება, სკანდალური იყოს, თუმცა არა საქართველოსთვის, არც ქართველი მოსახლეობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ დავით კეზერაშვილზე, ის არის ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს 2008 წლის ომამდე, რვა თვით ადრე, როდესაც მან ფურცელზე თითქოს ჩაატარა წვრთნები, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და მიისაკუთრა 5 მილიონი ევრო. იცის ეს ჩვენმა მოსახლეობამ. კეზერაშვილს ხუთი წლით სასჯელიც აქვს მისჯილი. 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საკითხის გადაწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე. ამ რეზოლუციამ ასევე შეუქმნა ცუდი ფონი სტატუსის არმონიჭებას. ევროპარლამენტმა იქ ჩაწერა დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, გამოხატეს სიმპატია მის მიმართ და მოიხსენიეს, როგორც დევნილი თუ გარკვეულწილად შევიწროებული ადამიანი. ვფიქრობ, ამ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც იყვნენ ამ რეზოლუციის ინიციატორები და მხარდამჭერები, „ბიბისის“ გამოძიება არის ნამდვილად სკანდალი. მათ საკუთარ რეზოლუციაში ჩაწერეს საერთაშორისო დამნაშავის სახელი და გვარი, თითქოს ის დევნილი მედიამენეჯერია. ეს ნამდვილად არის სკანდალი და სკანდალია არა მხოლოდ მათთვის, არამედ ევროპარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები.
ზოგადად ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, რათა მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, და იცით, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე, მფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდება, თავისთავად ესეც სკანდალური ფაქტია, გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავეს თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის. კეზერაშვილი იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური თანამდებობის დაახლოებით 15 პირი გასამართლდა დანაშაულებისთვის, სააკაშვილისა და კეზერაშვილის ჩათვლით. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. 15 მარტო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც გასამართლებული იყვნენ სისხლის სამართლის წესით. ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და როდესაც ასეთი ადამიანის სახელი და გვარი გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ქართველი ხალხის წინაშე, როდესაც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას სასჯელის მოსახდელად, ვნახეთ, შედეგი რა იყო. კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა, არავინ იცის, რა არეულობა იქნებოდა დღეს თბილისის, საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში.
ევროკავშირის ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართველი ხალხის წინაშე არიან ვალში. მათ დაუშვეს ის, რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე ქართველი ხალხის უსაფრთხოება. ვფიქრობ, ეს ვალი გადასახდელი აქვთ. გადასახდელი აქვთ, მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კეზერაშვილი, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც თავს აფარებს უკრაინას და ესეც არის ცინიზმი. ცინიზმია, რომ ადეიშვილს დღეს მიბარებული აქვს სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხები და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგშიც ერთი-ორჯერ ვნახეთ მედიის საშუალებითაც, რომ ის ევროსაბჭოს სტრუქტურებში გადაადგილდება. ამიტომ ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართველი ხალხისთვის და ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ მოაწყეს გულაგები, ადამიანების ჩაგვრის, წამების სისტემა. მწამებლები როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდებიან, ეს, რა თქმა უნდა, თავად ევროკავშირის დისკრედიტაცია არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.