შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე, კარგი
პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. გამოწვევა მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივია. მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, სადაც კელი დეგნანი ამბობს: „საქართველო იყო პოლარიზებული, როდესაც სამ-ნახევარი წლის წინ აქ ჩამოვედი. იყო ქართველების გაერთიანების მცდელობები. ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან სახიფათოა“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახის დეზინფორმაცია ცუდია, რუსული იქნება თუ დასავლეთიდან მომდინარე.
„მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე? ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში. დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია. სამწუხაროა, რომ ხშირად „ენჯეოები“, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როცა დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს.
გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიანი ტყუილი, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, წამებას, მოწამვლას ეხებოდა. არცერთმა „ენჯეომ“ ხმა არ ამოიღო ამასთან დაკავშირებით და გაჩუმდა. ყველა „ენჯეომ“, რომელიც თავს ეძახის სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველი ხალხის წარმომადგენელს, ქართველი ხალხი გაწირა არეულობისთვის და ყალბი ნარატივებისთვის. ყველა იყო ჩუმად, მათ შორის მაშინდელი სახალხო დამცველი იყო ნაწილი ამ ყალბი კამპანიისა. გახსოვთ მათი დასკვნები და რეკომენდაციები, რომ მიხეილ სააკაშვილი აკმაყოფილებს პირობებს მისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებითაც კი. ეს მაშინდელმა სახალხო დამცველმა თქვა. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც სახალხო დამცველი, „ენჯეოები“ საუბრობდნენ და რაც სხვადასხვა დასავლურ მედიაში იწერებოდა. ყველამ ერთად პირი შეკრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ყველა ამ ჯგუფმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ქართულმა „ენჯეოებმაც“ უნდა მოუხადონ ბოდიში და იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ ე.წ ექსპერტებმა, რომლებმაც წელიწად-ნახევარი ატყუეს ისინი. ეს ხომ მარტო ტყუილი არ იყო, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი იკავებდა პოლიტიკური დისკუსიისა და მედიადისკუსიის სივრცეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ აბსოლუტური ტყუილია. ყველა ვინც საუბრობს რუსულ დეზინფორმაციაზე, იქვე ისაუბროს არა მხოლოდ იმაზე, რომ დეზინფორმაცია ეროვნების მიხედვით არის ცუდი ან კარგი, არამედ ნებისმიერი დეზინფორმაცია ცუდია და ამას ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.