შალვა პაპუაშვილი - „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევა ადასტურებს, რომ ყალბი და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როცა საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით
„დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყალბი და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერი არ არის, როცა საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასა თუ სხვა ასეთ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
„ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რაოდენ ცრუ და ყალბია ბრალდებები. ქართველი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. იმიტომაც არის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის, „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა.