შალვა პაპუაშვილი - დებატების დატოვება ნიკა მელიას მიერ პოლიტიკური უმწიფრობაა, ეს არის უპატივცემულობა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოების, ისე სხვა კანდიდატების მიმართ
ნიკა მელიას ქმედება პოლიტიკური უმწიფრობაა, ყველაზე მცირე ასე შეგვიძლია, შევაფასოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მიერ, გუშინ, საქართველოს პირველი არხის ეთერში დედაქალაქის მერობის 16-ვე კანდიდატის მონაწილეობით მიმდინარე დებატების დატოვებას.
პაპუაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას მხრიდან ეს ნაბიჯი იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, ისე იქ მყოფი სხვა კანდიდატების უპატივცემულობა.
„რაც შეეხება ნიკა მელიას, პოლიტიკური უმწიფრობაა, ყველაზე მცირე, ასე შეგვიძლია, შევაფასოთ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება, არის დებატები, თუ არ ვცდები, 16 კანდიდატი იყო, ეს არის უპატივცემულობა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე, საზოგადოების უპატივცემულობა, ისე იქ მყოფი სხვა კანდიდატების მიმართ უპატივცემულობა.
მას რაიმე სათქმელი თუ ჰქონდა, შეეძლო, თავისუფლად გამოეყენებინა ეს ფორმატი და მიემართა საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს არის საზოგადოების უპატივცემულობა. სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, უცნაური ფორმატი იყო, რადგან ბევრი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გადაცემამ, დებატებმა გვაჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არის იმ მდგომარეობაში, დესტრუქციულ მდგომარეობაში, ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან, იციან, რომ დამარცხდებიან. ვნახეთ, იქ მყოფი ყველა პირი აღიარებს, რომ კახი კალაძე არის ამ დედაქალაქის მერი, ამ დედაქალაქის კარგი მერი. თუკი რაიმე კითხვა ჰქონდათ, ჰქონდათ მასთან და ვფიქრობ, ისინიც აცნობიერებენ, რომ კახი კალაძე არის ის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს ამ დედაქალაქის მერობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პირველ არხზე დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის გუშინ დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელიაც, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მერობის 16 კანდიდატის დებატები დატოვა.