შალვა პაპუაშვილი - დავოსში აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, განსაკუთრებული შედეგებისთვის მიეღწია ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არ ყოფილა ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი საკითხი
შალვა პაპუაშვილი - დავოსში აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, განსაკუთრებული შედეგებისთვის მიეღწია ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არ ყოფილა ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი საკითხი

თურმე მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს გადაგდება ეკონომიკურ კრიზისში, ეს არის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არ ყოფილა მათთვის მნიშვნელოვანი, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ საკითხებს ეძღვნება ხოლმე, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და მისი შეხვედრები, რაც არის ერთ-ერთი ეპიცენტრი დღეს პოლიტიკური საკითხების განსახილველად. მათ შორის, ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების შექება. საქართველოს სერიოზული გამოწვევები ჰქონდა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. როდესაც გარკვეული ხნის წინ ჩატარდა კვლევები, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს ბავშვებსა და არასრულწლოვნებს, სისხლში აღმოჩნდა ტყვიის დიდი შემცველობა. საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს პერიოდში შეძლო, რომ შესაბამისი რეაგირებით, შესაბამისი რეგულაციებით, შესაბამისი მოწესრიგებით, იქნებოდა ეს წყლის მიწოდების სისტემების რეაბილიტაცია თუ სხვა საკითხები, მიეღწია განსაკუთრებული შედეგებისთვის და ეს აღინიშნა ამ უმაღლეს პლატფორმაზე. ეს თითქოს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი საკითხი, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. თურმე მნიშვნელოვანი საკითხი არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს გადაგდება ეკონომიკურ კრიზისში, ეს არის მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არ ყოფილა მათთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტი და გამართული შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი.