შალვა პაპუაშვილი - დავაბრუნეთ ყველა იდეალი, რის ჩანაცვლებასაც, წლებია, ცდილობენ, სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდოიდეოლოგიებით, ტრადიცია - ტრენდით, სამშობლო - ტერიტორიით, სუვერენიტეტი - მორჩილებით
შალვა პაპუაშვილი - დავაბრუნეთ ყველა იდეალი, რის ჩანაცვლებასაც, წლებია, ცდილობენ, სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდოიდეოლოგიებით, ტრადიცია - ტრენდით, სამშობლო - ტერიტორიით, სუვერენიტეტი - მორჩილებით

ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო შევხედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო სულ რამდენიმე წელში ააშენა.

„მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, ვიდრე ქართული სული იარსებებს. მოგესალმებით მეგრელებსა და სვანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონის ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მიწებს, მსოფლიო კულტურისა და მემკვიდრეობის უამრავ გამორჩეულ ძეგლს ერთ რეგიონში აერთიანებთ.

23 გრძელი საუკუნე გვაშორებს იმ დღეს, როდესაც კოლხეთის ლეგენდარულმა ერისთავმა, ქუჯიმ ჩაიფიქრა და მეფე ფარნავაზთან ერთად პირველად განახორციელა საერთო ქართული ოცნება – საქართველოს გაერთიანება. შედეგად, მსოფლიო ცივილიზაციას შეემატა ჩვენი უნიკალური კულტურა და ქვეყანა, რომელიც დღეს ჩვენი ისტორიული მისწრაფებების განხორციელების წინაშე დგას.

მეგობრებო, ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია.

დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. მათმა უცხოელმა მფარველებმა რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. სამმილიონნახევრიანი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო; ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო; ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული; ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეცხლში გახვიეს.

2012 წელს თქვენმა გადამწყვეტმა ხმამ ეს ყველაფერი შეცვალა და იმედი დაუბრუნა ქართველ ხალხს. ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე; ეკონომიკური ზრდის ტემპით არა თუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ – გასამმაგებული ეკონომიკით, გასამმაგებული ბიუჯეტით, გასამმაგებული საშუალო ხელფასით. კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ ვასწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და, რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრებსაც კი.

ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ, რადგან, განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად; ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად; ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ – რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი – იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა. დავაბრუნეთ ყველა ის იდეალი, რის ჩანაცვლებასაც, წლებია, ცდილობენ. ცდილობენ, რომ სარწმუნოება ჩაგვინაცვლონ ფსევდოიდეოლოგიებით, ტრადიცია – ტრენდით, სამშობლო – ტერიტორიით, სუვერენიტეტი – მორჩილებით, ეროვნული ინტერესი – სხვების მაამებლობით. გვრჩება კიდევ რამდენიმე წლის თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობიანი შრომა, რათა საქართველო თავაწეული, ღირსეულად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და არავინ შემოგვხედოს ისე, თითქოს საქმე სახვეწრად და დასამადლებლად გვქონოდეს. ჩვენ ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები – შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა.

„„ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმება. ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.

წინ 26 ოქტომბერია, დღე, როცა უნდა გადაწყდეს, რომელ გზას ადგება ჩვენი ქვეყანა – დანაწევრებული, მორჩილი საქართველოს გზას, რომლისგანაც მხოლოდ მითითებების შესრულებას ელოდებიან, თუ ერთიანი, წარმატებული, ამაყი საქართველოს გზას, რომელსაც, როგორც თანასწორს, ისე ელოდებიან. ეს მხარე ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მხარეა. ეს მხარე ღვთისმშობლის კვართის მცველთა მხარეა. ეს მხარე ქართული ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ 26 ოქტომბერს აქ უნდა ითქვას მთავარი სიტყვა საქართველოს ისტორიის ღირსეულად გასაგრძელებლად, რათა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ. გაუმარჯოს სამეგრელოს, გაუმარჯოს სვანეთს, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! გვფარავდეს ვლაქერნის ღვთისმშობლის და უშგულის ლამარიას მადლი!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.