შალვა პაპუაშვილი - დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ
შალვა პაპუაშვილი - დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ

ჩვენ დღეს ვხურავთ საშემოდგომო სესიას და, ამ მხრივ, განსაკუთრებით სამწუხარო სანახავია, რომ ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ და უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის ქმედება აჩვენებს მათ დაბალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ.

„გაჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი და არცერთი ოპოზიციური ჯგუფი ამ ჰიმნს ამ დარბაზში არ მოისმენს. ჩვენ ხშირად გვსმენია მათგან საუბარი ხელისუფლების და ძალაუფლების გაზიარებაზე. ძალაუფლების გაზიარებას და მიღებას სჭირდება პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, სწორედ ეს დარბაზი, სადაც ოპოზიციური ფლანგი მთლიანად ცარიელია და არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი არ არის წარმოდგენილი, აჩვენებს დამოკიდებულებას და უპატივცემულობას სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, სახელმწიფოს სიმბოლოების მიმართ და, საერთო ჯამში, უპატივცემულობას სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ძალიან სამწუხარო სანახავი და აჩვენებს დაბალ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ჯგუფებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დეკემბრის მესამე პარასკევს საშემოდგომო სესია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.