შალვა პაპუაშვილი - დამოკიდებულებას, რაც ოპოზიციას აქვს, იმეორებს პრეზიდენტი, რომ რაღაც გარემოებები, მთები, გორები და მდინარეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, ოღონდ არ თქვან ხელისუფლება
ვუბრუნდები ისევ იმ პათოსს, რომელიც აქვს სამწუხაროდ, ქალბატონ სალომეს, რომ მას ალბათ თავის ტოლად არ მიაჩნია პარლამენტის წევრები, მათ კითხვებს რომ არ პასუხობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს კითხვას, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
პაპუაშვილის თქმით, დამოკიდებულებას, რომელიც ოპოზიციას აქვს, ერთი-ერთში იმეორებს პრეზიდენტი, რომ რაღაც გარემოებები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ არამც და არამც ხელისუფლება.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მან თავის გამოსვლაში სინამდვილეში თქვა, რაზე ჰქონდა საუბარი დახურულ კარს მიღმა ევროპაში ვიზიტების დროს. ფაქტობრივად, გვითხრა და გამოჩნდა კიდევაც, რაზეც იყო საუბარი. მან თქვა, რომ ის მიმართავს ევროპას, მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ორი რამის გამო. ერთი, ეს არის ხალხის სურვილი და მეორე, გეოპოლიტიკა გარკვეულწილად. ეს არ არის ის, რაზეც უნდა ისაუბროს საქართველოს წარმომადგენელმა. ხალხის სურვილი შარშან ივნისში არ იყო?! თუ გეოპოლიტიკა შეიცვალა რაიმე სხვანაირად?! რა გამოდის, თუ ეს არის კრიტერიუმები, რომლითაც ევროკავშირი წყვეტს კანდიდატის სტატუსის მიცემას, ეს რომ ყოფილიყო, შარშან ივნისშიც მოგვცემდნენ, თუ მაშინ ქართველ ხალხს არ სურდა და ამას ვერ ხედავდა ევროპა და ა.შ. ამიტომ, ეს დამოკიდებულება, რომელიც აქვს ოპოზიციას და რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს ქალბატონი სალომე, რომ რაღაც გარემოებები, საქართველოს მთა-გორა და მდინარეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ არამც და არამც, ოღონდ არ თქვან სიტყვა ხელისუფლება და ამ ხელისუფლების პირობებში იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ზუსტად ამ პათოსის გამეორება იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.