შალვა პაპუაშვილი - დადასტურდა, რომ ტყუილი იყო მათ მხარეს, ვინც აბრალებდა პრემიერს, თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ვიზიტი და სიმართლე აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არის პრემიერი
დადასტურდა, რომ ტყუილი იყო მათ მხარეს, ვინც აბრალებდა პრემიერს, თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა ვიზიტი და სიმართლე აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არის პრემიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
კითხვაზე, სად არის დოკუმენტაცია, რომ პრემიერის მგზავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ დააფინანსა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ აჟიოტაჟს, რომელიც იყო ატეხილი, გაეცა პასუხი და დოკუმენტების მოკითხვა ჟურნალისტებს შეუძლიათ.
„მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც საუბრობს სახელმწიფოს ამა თუ იმ ორგანოს წარმომადგენელი, გაქვს თუ არა ნდობა ამ წარმომადგენლისა და რა თქმა უნდა, მე მაქვს ნდობა და ერთი რამე დადასტურდა ამ მთლიან პროცესში. ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, თითქოს სახელმწიფოს ხარჯით იყო ეს გაწეული, აღმოჩნდა, რომ იტყუებოდნენ. მიმართეთ და მიიღებთ ამ დოკუმენტებს. კიდევ ერთხელ იქნა მათ შორის გაცხადებული, რომ ყველაფერი გასაჯაროვდება, მათ შორის, იქნება ასახული, რა თქმა უნდა, პრემიერის ქონების დეკლარაციაში. დაისვა კითხვა, კითხვას გაეცა პასუხი ზეპირად. დაისმება კითხვა საბუთებზე, გაეცემა პასუხი საბუთებით. მნიშვნელოვანი იცით რა არის, მნიშვნელოვანი მათემატიკა კი არ არის, მნიშვნელოვანია, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი და როდესაც დადასტურდება, რომ თუნდაც თქვენი მედია არის ტყუილი, ამ ტყუილს სჭირდება აღიარება. როდესაც თქვენ წარმოადგენთ მედიას, რომელიც ფინანსდება ადამიანის მიერ, რომელმაც ფული მოპარა ქართულ ჯარს, მოპარა ფული პენსიონერებს და ამითი იღებთ თქვენს ხელფასს, მგონი, ამასაც რომ ჩაეძიოთ თქვენი მათემატიკური უნარებით და დათვალოთ ის ფული, რომელიც მოედინება თქვენს ხელფასებში, საიდან მოდის, რა შემოსავალი არის, აბა ამით დაინტერესდით და მერე შესაძლოა, ეს მორალური პედესტალი ცოტა შეასწოროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია ფორმულას შეკითხვაზე, როდის გამოქვეყნდება დოკუმენტები პრემიერის მგზავრობასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ. მისივე თქმით, ტელეკომპანია „ფორმულა“ ქართული ჯარისგან და ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდება.
„თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ ქართული ჯარისგან მოპარული ფულით იღებთ ხელფასს? გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი. დოკუმენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, მიმართეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და მათთან გქონდეთ ამაზე კომუნიკაცია. პასუხი გაგეცით, დოკუმენტებზე მიმართეთ, სადაც არის დოკუმენტები. ამავე დროს, მე მაინტერესებს ასევე, როდესაც თქვენ აგებთ თქვენს მორალურ პედესტალს, შეგიქმნით თუ არა მორალურ დისკომფორტს, თუკი გაიგებთ, რომ ის ხელფასი, რომელსაც იღებთ ქართული ჯარისგან, ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფული. შეგიქმნიდათ დისკომფორტს? ალბათ კი და თუ შეგიქმნიდათ, იქნებ ჩაეძიოთ, ის ფული, რომელსაც თქვენ იღებთ, შემთხვევით ხომ არ არის ნაქურდალი ფული და ეს ნაქურდალი ფული ახლა თეთრდება ტელევიზიის მეშვეობით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დადასტურდა, სად იყო სიმართლე და სად – ტყუილი.
„დოკუმენტებზე გითხარით უკვე. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ერთი რამ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში, სად იყო სიმართლე, სად იყო ტყუილი. დადასტურდა, რომ ტყუილი იყო მათ მხარეს, ვინც აბრალებდა საქართველოს პრემიერს, თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტით ხდებოდა ეს ვიზიტი და სიმართლე აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არის პრემიერი, რომელმაც თავიდანვე განაცხადა და საბოლოო ჯამში მიიღეთ ყველა შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისგან პასუხი. რაც შეეხება პრემიერის იმპიჩმენტს, წეღანაც ვთქვი, მანამდეც ვთქვი, კიდევ ერთხელ თავს გაიხდიან სასაცილოდ, რადგან მოუწევთ ფურცლისა და კალმის აღება, დაწერა და დასაბუთება. ამის დასაბუთებას ნახავთ, რომ ვერ შეძლებენ, რადგან ამის დაწყების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.