შალვა პაპუაშვილი - ჩვენთან საზოგადოებაში პრობლემა პოლარიზაციაში არ არის, პრობლემაა რადიკალიზაციაში, რომ გვყავს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებისთვისაც დემოკრატიული პროცესი მიუღებელია
იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც იყო ამ პროპაგანდისტული ნარატივის შედეგად ამ აქციების სულის ჩამდგმელი, არ ვიცი, როგორ უნდა ველოდოთ მონაწილეობას 12 პუნქტის შესრულებაში. მათ, ფაქტობრივად, არაფერში მიუღიათ მონაწილეობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ გარეშე შეასრულეს რეკომენდაციების მე-12 პუნქტი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ბევრი მიზეზის გამო შეუსრულებადია.
„მათ გარეშე, ოპოზიციის სხვა ნაწილის მონაწილეობით, ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული ამ რეკომენდაციების შესრულებაში. დღე-დღეზე მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის კანონბზე და ამაზე მუშაობას განვაახლებთ. სხვა მხრივ, სხვა პუნქტები, ძირითადად შესრულებულია. არის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას. ეს ის საკითხია, რომელიც ბევრი მიზეზის გამო შეუსრულებადია. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ნაწილს ოპოზიციისას საკმარისად არ ემიჯნებიან, მათ შორის მათი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ვხედავთ EPP-ს მუდმივ მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. რადიკალურ პარტიას, რომელიც არ მონაწილეობს რეკომენდაციების შესრულებაში, ბოიკოტირებს პარლამენტს, აწყობს აქციებს და ა.შ., ამ პარტიას უჭერენ მხარს. პარტიას, რომელიც არის პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი, მისი ევროპელი დიდი ძმა მხარს უჭერს ყოველ ჯერზე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია შეუძლებელია. ვიდრე თავად ცალკეული ევროპული სტრუქტურები არ გააცნობიერებენ, რომ რადიკალიზმის მხარდაჭერა საქართველოში არ შეიძლება, შეუძლებელია ამ დეპოლარიზაციის მიღწევა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრობლემა არ არის პოლარიზაცია, რადგან საზოგადოება ძირითადი საკითხების ირგვლივ ერთიანი.
„კიდევ ერთხელ, ჩვენი პრობლემა არ არის პოლარიზაცია, ჩვენზე უარესი პოლარიზაცია ვნახეთ ბოლო არჩევნებში აშშ-ში. საფრანგეთის არჩევნები ნახეთ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნები. პოლარიზაცია იქ კიდევ უფრო მეტია, ვინაიდან საზოგადოების პოლარიზაციაა, სადაც საზოგადოების ჯგუფები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ჩვენთან ასეთი პოლარიზაცია საზოგადოებაში არ არის. როგორც კი ვიტყვით „ევროპა“, მთელი საზოგადოება ერთად იკვრება. ვიტყვით „საქართველოს მთლიანობა“ მთელი საზოგადოება ერთად იკვრება. რაც არის ძირითადი თემები, საზოგადოება მთლიანია. ჩვენთან პრობლემა პოლარიზაციაში არ არის. ჩვენთან პრობლემაა რადიკალიზაციაში, ის, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებისთვისაც დემოკრატიული პროცესი მიუღებელია. მათ უნდათ ხელისუფლება, ოღონდ ისე, რომ არჩევნებზე არ გავიდნენ. მათ უნდათ, ხალხის მხარდაჭერის გარეშე ჰქონდეთ ქვეყნის მართვის სადავეები და ამას დემოკრატია არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, აქ კომპრომისი შეუძლებელია, დემოკრატია ვერ წავა კომპრომისზე რადიკალიზმთან,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.