შალვა პაპუაშვილი - ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტი ასუსტებს, ევროკავშირის ლიდერებს აძლევს საფუძველს, უარი უთხრან ქვეყანას სტატუსზე, ეს არის მთავარი აცდენა
ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტი ასუსტებს, ევროკავშირის ლიდერებს აძლევს საფუძველს, უარი უთხრან ქვეყანას სტატუსზე, ეს არის მთავარი აცდენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების მიღმაა გასული.
„საქართველოს პრეზიდენტის შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ შემთხვევით, „ინსტაგრამით“ გავიგეთ. შეიძლება, ის კერძო ვიზიტით არის ჩასული. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ გავიგეთ, არის ის, რომ იმყოფებოდა ერთ-ერთ გალერეაში გამოფენაზე. არ ვიცი, უნდა შევხედოთ, ამას ოფიციალური ვიზიტის ჩარჩოში აკეთებს თუ არის კერძო ვიზიტით გალერეაში ნახატების დასათვალიერებლად.
ზოგადად, ამაზე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო. აქამდე ფაქტები რაც იყო გერმანიასა და ბრიუსელში ვიზიტებთან დაკავშირებით, ეს იყო კონსტიტუციის განზრახი და უხეში დარღვევა, რაც არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას. ის უფლებამოსილების მიღმაა წასული. შევთანხმდით, რომ დაარღვია კონსტიტუცია? რატომ არ აძლევს მთავრობა ნებართვას, ეგ მეორე საკითხია. არც ოპოზიცია უარყოფს, რომ დაარღვია, არც თავად პრეზიდენტი. ამართლებენ ამას, რომ რაღაც კეთილშობილური მიზანია და ღირს ამის გამო კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის სამართლებრივი სისტემის აბსოლუტური ამოტრიალება. მთავრობამ ამაზე ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო საგარეო ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს ერთი ხმით, ერთი სახით და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამოვარდნილია საგარეო ურთიერთობის იმ ხაზიდან, რომელიც აქვს საქართველოს.
რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ჩვენი პოზიცია ცნობილია. ვთქვით, რომ საქართველო შარშან, ივლისშიც იმსახურებდა და ეს თქვა ევროკომისიამაც. ნაცვლად ამისა, პრეზიდენტი ასუსტებს ამ პოზიციას და ამბობს, რომ შარშან საქართველო არ იმსახურებდა და სწორია, რომ არ მოგვცეს სტატუსი. წელს მან განაცხადა, რომ რეკომენდაციები ფორმალურად სრულდება. ევროკავშირის ლიდერებს აძლევს საფუძველს, უარი უთხრან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მთავარი აცდენა. დარწმუნებული ვართ, ოპოზიცია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდება. მათ ურჩევნიათ, ჰყავდეთ პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია. ამას აკეთებს საჯაროდ. შეინარჩუნებენ პრეზიდენტს, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და მიდის ქართველების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.