შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება
დემოკრატიულ მთავრობებს ხშირად უპირისპირდებიან რადიკალური ძალები, რომლებიც კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ იყენებენ უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული ათი წლის მანძილზე, წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანეს წინსვლას მიაღწია, რაც არაერთხელ იყო დადასტურებული საერთაშორისო კვლევებით.
„თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თვალში საცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ვისწავლით დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას, არ გავხდებით მცდარი აღქმების მსხვერპლი და გამოვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს. ეს გააძლიერებს დემოკრატიას, უზრუნველყოფს ხალხის ნების აღსრულებას და, შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად, დემოკრატია იქნება მდგრადი და დაცული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.