შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო, ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო, ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენამ ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართული ეკლესია ყოველთვის ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.

„25 მარტი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენამ ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას.

ეროვნული თვითმყოფადობის სულისკვეთებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევით, საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაამტკიცა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა.

გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, მშვიდობასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს დედაეკლესიას“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.