შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ოპონენტებისთვის არც ნიკა მელიას აქვს მნიშვნელობა, არც გიორგი რურუას, არც რიგგარეშე არჩევნებს
ნიკა მელიას მხრიდან არაფერი შეცვლილა, ამიტომ პროკურატურას საფუძველი არ აქვს, აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქება მოითხოვოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრნა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მელიას საპატიმროდან გამოსვლა თუ უნდა, პროკურატურამ ამის გზა უკვე შესთავაზა.
„პირველი კითხვაა, უნდა თუ არა თავად ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა. მელიას გამოსვლა თუ უნდა, მას გზა პროკურატურამ უკვე შესთავაზა. გირაოს გადახდის მზაობას თუ გამოთქვამს, პროკურატურამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. მას წელიწადზე მეტ ხანს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ჰქონდა, რომლის დარღვევის გამოც პროკურატურამ დაუმძიმა . მელიას მხრიდან არაფერი შეცვლილა, ამიტომ პროკურატურას, როგორც ჩანს, საფუძველი არ აქვს, შემსუბუქება მოითხოვოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არც ნიკა მელია აინტერესებს, არც გიორგი რურუა და არც ვადამდელი არჩევნები.
„რაც შეეხება წინასწარი პატიმრობის საკითხის დაკავშირებას იმასთან, მოახდენს თუ არა ეს რაიმე გავლენას ჩვენი ოპონენტების განწყობაზე, ვფიქრობ, არანაირ გავლენას არ მოახდენს. მათთვის არც ნიკა მელიას აქვს მნიშვნელობა, არც გიორგი რურუას, სხვათა შორის არც რიგგარეშე არჩევნებს, ვინაიდან მათი ერთადერთი დღის წესრიგია ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და იმ არჩევანის წაგლეჯვა ქართველის მოსახლეობისთვის, რომელმაც 31 ოქტომბერს თავისი არჩევანი გააკეთა. ყველაზე არ ვიტყვი, ზოგიერთი ოპონენტის ერთადერთი დღის წესრიგი სწორედ ეს კრიზისია. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია კრიზისი, აქ ვერანაირ განმუხტვაზე ვერ ვიმსჯელებთ, ვიდრე ისინი ამ დღის წესრიგს არ შეცვლიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.