შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია
ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია; როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა, 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტს მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს, რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.
„სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინ გველოდება საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება.
„ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეულია ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით.
„ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.