შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მოწადინებაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მოწადინებაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას

დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო მოდელზე შევჯერდებით. ჩვენი მოწადინება არის ერთი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გადანაწილდეს, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, ამისთვის აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან მაუწყებლის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

„საუბარი გვქონდა როგორც გენერალურ დირექტორთან, ასევე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ინიციატივის მოტივაცია გასაგებია საზოგადოებისთვის. თავის დროზე დროებით ნორმად იყო ჩადებული „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ წესი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მიბმული იყო მთლიან შიდა პროდუქტზე, ეს იყო დროებითი ნორმა. იმავე კანონში, წინა პუნქტებში წერია, როგორი უნდა იყოს ძირითადი ნორმა, რომ ის დამოკიდებული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელებზე, ანუ მოსახლეობაზე, სხვანაირი ცვლადი იყო ჩადებული. ვინაიდან საქართველოს ნახტომისებური ზრდა აქვს მთლიან შიდა პროდუქტში, პარლამენტის წევრების ინიციატივა სწორედ ის იყო, რომ არ იყო შესაბამისი და ადეკვატური ასეთი ნახტომისებური ზრდა. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წელიწადში 50-პროცენტით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, შემდეგ სამ-ოთხ წელიწადში ისევ 50-პროცენტიანი ზრდა იქნება, თუ ასე იქნება მიბმული მთლიან შიდა პროდუქტზე. რამდენადაც ვიცი სხვა ქვეყნების გამოცდილება, არსად არ არის ასეთი მიბმა მთლიან შიდა პროდუქტზე. არის სხვადასხვა სისტემა, ამაზე გვქონდა საუბარი. აბსოლუტურად მესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიმე ცვლადის აღება იქნებოდა უფრო რაციონალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმსჯელებთ, რა მოვიფიქროთ ამ მხრივ, არის გარკვეული მოსაზრებები. დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო მოდელზე შევჯერდებით. ჩვენი მოწადინება არის ერთი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რაციონალურად გადანაწილდეს, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ფინანსური, ისე სხვა მხრივ დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს, ამისთვის აუცილებლად მოვძებნით საუკეთესო გადაწყვეტას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.