შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიდგომაა, მხარეებთან ვისაუბროთ და გამოსავალი ერთობლივად მოვნახოთ
დიალოგზე წინ წასვლაზე და უკან დახევაზე არ არის საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„საუბარია იმაზე, რომ დაიწყოს დიალოგი. დიალოგი არის იმისთვის, რომ მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ და გამოსავალი ერთად გამოძებნონ. ასე რომ, ასეთი მიდგომა, რომ ვინმემ უკან უნდა დაიხიოს, ან ვინმე გამარჯვებული და წაგებული იყოს, ზოგადად, დიალოგის მიმართ სწორი მიდგომა არ არის. ჩვენი მიდგომაა, მხარეებთან ვისაუბროთ და გამოსავალი ერთობლივად მოვნახოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაიხია თუ არა ხელისუფლებამ უკან, რადგან ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია, რაც შეხვედრამ დაადასტურა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა არა ის რიცხვები, რომლის შემოსაღებასაც ოპოზიცია ცდილობდა, არამედ ნამდვილი რიცხვები, რომელიც ადასტურებდა, რომ როდესაც საქმე ბიულეტენების ბათილობას და ბალანსს შეეხება, აქ ყველა მონაცემი სხვა არჩევნებსაც ემთხვევა.
„კერძოდ, გვაქვს ბათილი ბიულეტენების 3,7% და ეს ყველა სხვა დროსაც არის – სამიდან ოთხი პროცენტი და ხუთ პროცენტამდეც კი ყოფილა. ბალანსს რაც შეეხება, ბიულეტენების ნაკლებობდა 0.17%-ია და 2008 წლიდან მოყოლებულ, ან მანამდელ არჩევნებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ სულ ასეა – 0.15%-0.17% და ერთი პროცენტიც კი ყოფილა. დღესაც მოვისმინე, რომ დაასახელეს რიცხვები, თითქოს, ეს იმის დასტური იყოს, რომ რაღაც ფართომასშტაბიან მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი, არჩევნებისთვის დამახასიათებელი გარკვეული ტექნიკური წუნი. რამდენად მისაღებია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ტოტალურ გაყალბებაზე არ ისაუბრონ, რადგან 3 748 ოქმზე ოპოზიციის 11 500 წარმომადგენელს აქვს ხელი მოწერილი და განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაშია დაფიქსირებული, საიდანაც ერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განსხვავებული აზრია.
„ამიტომ, ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, როდესაც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ, პირველ რიგში, დაასახელონ საკუთარი პარტიების წარმომადგენლები და გვითხრან მიზეზები, საკუთარი პარტიების წარმომადგენლები რატომ აწერდნენ ხელს ამ გაყალბებულ ოქმებს?! დღემდე საუბრობენ დაშინებაზე, მაგრამ ამ 11 500 ადამიანიდან, დღემდე არც ერთს არ უთქვამს, რომ მან ხელი ან დაშინებით მოაწერა, ან მოტყუებით, ან სხვა რამის გამო. აქ თავშივეა სიყალბე და მოვუწოდებ, ამას თვალი გაუსწორონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა პოზიციით მივა მმართველი გუნდი მოლაპარაკების მეორე რაუნდზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სანამ მხარეები არ შეჯერდებიან, ამ დეტალების საჯაროდ განხილვა დიალოგს შეაფერხებს და ამიტომ, დეტალებზე არ ისაუბრებს.
„მაგიდის გარშემო ცხრა პარტია ზის. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიაც არის მონაწილე. ყველას და მათ შორის, საზოგადოების ინტერესშია, მათ ისაუბრონ და გარკვეულ შედეგამდე მივიდნენ. ამიტომ, მოვლენებს ნუ გავასწრებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ განწყობაა მრავალფეროვანი პარლამენტი, საქმეზე ორიენტირებული დისკუსია და საერთო ეროვნული მიზნებისკენ თანამშრომლობა.