შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიდგომაა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა და სხვა ქვეყნებთან შედარებითაც გვქონდეს შესაბამისი სტატისტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიდგომაა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს პატიმრების დიდი რაოდენობა და სხვა ქვეყნებთან შედარებითაც გვქონდეს შესაბამისი სტატისტიკა

ჩვენი მიდგომა არის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს დიდი რაოდენობა პატიმრებისა, პრემიერ-მინისტრმაც თავის გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში პატიმართა რაოდენობა შემცირდა.

„როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, დახვდა დაახლოებით 24 000 თუ 25 000 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დღეს ეს რიცხვი ჩამოსულია დაახლოებით 9000-მდე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება, რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა აქ მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია. ასეთი მიდგომაა საჭირო და ერთი ხელის მოსმით რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს ეს. ზოგადად, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენი მიზანიც არის, რომ ჩვენ ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც ვიყოთ შესაბამისი სტატისტიკის მქონე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.