შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ხელისუფლების მიღწევების გამო, მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა
ჩვენი ხელისუფლების მიღწევების გამო, მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის გასანეიტრალებლად.
„ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არცერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.